„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ადგენს, თუ ვინ მართავს რეალურად ფოთის სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს. ორგანიზაციის დასკვნით, რეგიონის უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კვანძი რამდენიმე გავლენიანი ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული, სადაც გამოიკვეთა სისტემური კორუფციისა და რუსული/ოფშორული გავლენების ნიშნები.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
რუსული ინტერესები და ოფშორები: ფოთის სტრატეგიულ ტერმინალებს რუსეთის 3 მოქალაქე, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე 6 პირი და ერთი რუსული კომპანია ფლობენ. გარდა ამისა, 7 მსხვილი კომპანიის მფლობელები დაკავშირებული არიან კვიპროსში, გიბრალტარსა და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორებთან, რაც მესაკუთრეების იდენტიფიცირებას ართულებს.
5.3 მილიონზე მეტი პოლიტიკური შეწირულება: იდენტიფიცირებულმა პირებმა და კომპანიებმა ჯამში 5 396 370 ლარის შეწირულება გაიღეს. აქედან 4 671 980 ლარი (დაახლოებით 86.5%) „ქართულმა ოცნებამ“, მისმა სატელიტმა „ხალხის ძალამ“ და სალომე ზურაბიშვილმა (2018 წელს) მიიღეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეწირულებები მაშინ მიიღო, როდესაც თავად იყო მმართველობაში (2012 წლამდე).
პრივილეგიები საარჩევნო ფულის სანაცვლოდ: კომპანიების უმრავლესობა ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ლოიალობას იღებს — მათ შორისაა თევზჭერის ექსკლუზიური ლიცენზიები აუქციონის გარეშე 2036 წლამდე და მილიონობით ლარის საგადასახადო პატიება.
















