„შავი სამყაროს“ წარმომადგენლები, ძმები გულორდავები ზუგდიდში ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას ახდენენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესში არსებული ერთ-ერთი მთავარი დარღვევა ფარულობის უგულებელყოფას ეხება. ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩევლებს საარჩევნო კაბინიდან გაშლილი ბიულეტენით გამოსვლას სთხოვენ.

„პირველი ეს არის არჩევნების მთავარი პრინციპების – ფარულობის დარღვევა, იმიტომ რომ არაერთი უბნიდან დაგვირეკეს „ევროპული საქართველოს“ კომისიის წევრებმა და გვითხრეს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა, რომ ისინი გაშლილი ბიულეტენებით გამოვიდნენ საარჩევნო კაბინებიდან, რომ მათი გაკეთებული არჩევანის თაობაზე ინფორმირებული იყოს კომისიის წევრი „ქართული ოცნებიდან“. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ცესკო-ს და საქართველოს ხელისუფლებას, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს, კომისიის წევრებს შტაბებში, რომ ეს არის კანონდარღვევა, ფარულობის დარღვევა არის არჩევნების მთავარი პრინციპის დარღვევა და ეს ქმედება არის დასჯადი. მინდა ვუთხრა მოქალაქეებს, რომ არავის აქვს უფლება, რომ მათ მოჰკითხონ ინფორმაცია მათ მიერ გაკეთებული არჩევანის თაობაზე“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ირმა ნადირაშვილის მტკიცებით, ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს, საარჩევნო პროცესში კრიმინალური სამყაროს ჩართულობაა.

„მეორე ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, ეს არის კრიმინალური სამყაროს მაღალი ჩართულობა. კონკრეტულად ზუგდიდიდან გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, რომ „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ძმები გულორდავები ფაიფურის უბანში გადაადგილდებიან და ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას ახდენენ. მე კიდევ ერთხელ მინდა, კრიმინალურ სამყაროსთან შეკრულ ხელისუფლებას მოვუწოდო, რომ ასეთი ფორმით ადამიანების ნების შეზღუდვა არის ასევე დანაშაული. იგივე ხდება წყნეთის საარჩევნო უბნებზე, სადაც მანქანებით არიან მობილიზებული „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები და ისინი ასევე ცდილობენ, რომ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა მოახდინონ“,- აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე განცხადებით, კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ამ დროისთვის დაფიქსირდა, გარდაბანში მომხდარი შემთხვევაა, როდესაც ბაღის მასწავლებელზე ზეწოლა განხორციელდა.

„ევროპული საქართველოს“ დამკვირვებელზე ზულეიხა კაბიევაზე მოხდა ზეწოლა. ის არის ბაღის მასწავლებელი და პირდაპირ საარჩევნო კომისიაში მას ემუქრებოდნენ, რომ აქტივობის გამოჩენის შემთხვევაში სამსახურს დაატოვებინებდნენ“, – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაში,,აბაშაში საკრებულოს წევრი უბანზე იმყოფებოდა, როგორც რიგითი ამომრჩეველი, ხანდაზმულმა მოქალაქემ მას სთხოვა დახმარება”
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლებს მიშა რომ სდომებოდათ, წავიდოდნენ და 5-იანს შემოხაზავდნენ”