შავგულიძე: ბევრი საკითხი გავიარეთ და შევთანხმდით, რომ ორშაბათსაც შევიკრიბებით

ორშაბათს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გახდება ცნობილი, თუ რომელ საკითხებზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დიდხანს ვიმუშავეთ, ბევრი საკითხი გავიარეთ და შევთანხმდით, რომ ორშაბათსაც შევიკრიბებით, მაშინ უკვე შეგვეძლება, ვთქვათ, რა საკითხებზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია, რა საკითხები რჩება ამ ეტაპზე შეუთანხმებელი. ეს არის საარჩევნო კომისიების ფორმირების საკითხი. ოპოზიცია ვაყენებთ საკითხს, რომ ამას უნდა გადაებას იმპლემენტირების საკითხიც. კერძოდ, საარჩევნო კომისიების ფორმირების ახალი წესი რომ შემუშავდება, იმ ახალ წესს უნდა დაექვემდებარონ არსებული წევრებიც, მათ შორის ცესკო-ს წევრები, ცესკო-ს თავმჯდომარის ჩათვლით. ანუ, ახლიდან უნდა დამტკიცდეს ახალი სტანდარტით და ახალი წესებით არსებული წევრებიც. ხელისუფლება უფრო იხრება იქით, რომ არსებული წევრები, ვისაც ვადა აქვთ, შენარჩუნდნენ თავიანთი უფლებამოსილების ვადაში და ახალ წევრებზე გავრცელდეს ახალი სტანდარტები.

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილესთან დაკავშირებით შარლ მიშელის დოკუმენტი ცალსახად ითხოვს, რომ დაინიშნოს მოადგილე და ეს უნდა იყოს ცესკო-ში ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატებისგან არჩეული ერთ-ერთი წევრი. ხელისუფლება არ ეთანხმება ამას და წინააღმდეგობაში მოდის დოკუმენტთან. გვთავაზობენ, რომ იყოს ორი მოადგილე, აქედან ერთი იყოს არაპარტიული და იმას ჰქონდეს უფლებამოსილება, შეასრულოს ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობები საჭიროების შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, შარლ მიშელის მოთხოვნას არ ვაკმაყოფილებთ და იქნება ოპოზიციისგან წარდგენილი მოადგილე, რომელსაც არავითარი ფუნქციები არ ექნება და უკანა პლანზე გადაიწევს. ამას სჯობს, საერთოდ უარი ვთქვათ ამის განხორციელებაზე, შეფარვით უარი, სხვა თუ არაფერი, უპატივცემულობაა იმ დოკუმენტისა და მისი ავტორებისა“, – განაცხადა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი: გარანტირებული იქნება, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციიდან იყოს
შემდეგი სტატიაისრაელის არმიის მხრიდან ავიადარტყმების დროს ორი ქალი და რვა ბავშვი დაიღუპა