შარლ მიშელი – მათ, ვინც დღეს ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, მინდა, მოვუწოდო, საქართველოს მრავალპარტიული დემოკრატიული ინტერესების გათვალისწინებით, შეუერთდეთ ხელმოწერას

მჯერა, რომ დღევანდელი ახალი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, რთული რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ონლაინჩართვისას განაცხადა.

„საქართველოს მოქალაქეები ისედაც დგანან გამოწვევების წინაშე – „კოვიდ-19“-ის პანდემია, რეფორმები, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების კუთხით არსებული გამოწვევები. მათ, ვინც დღეს ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, მინდა, მოგიწოდოთ საქართველოს ინკლუზიური, მრავალპარტიული დემოკრატიული ინტერესების გათვალისწინებით, შეუერთდეთ ამ ხელმოწერას. მჯერა, რომ დღევანდელი ახალი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, რთული რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, რეგიონი მრავალი გამოწვევის წინაშეა.

„მთიანი ყარაბაღი მტკივნეული შეხსენება იყო გასულ წელს. უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ძალების მობილიზება ღრმა შეშფოთების მიზეზია. ის, თუ რა ფორმითაც თქვენ დღეს თავი დააღწიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული კონტექსტით. ეს კრიზისის გადაჭრის ჭეშმარიტად ევროპული ფორმაა. მინდა სიამოვნებით განვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვალ საქართველოში, რათა შევხდვე ყველა თქვენგანს და განვიხილო თქვენთან ერთად, როგორ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს, რათა გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერის ღონისძიება გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიტესლას მანქანა ავარიაში მოყვა და ორი მგზავრი დაიღუპა
შემდეგი სტატიაბარამიძე: სამადაშვილი დოკუმენტზე ხელმოწერით პარტიას გაემიჯნა