შარლ მიშელი: ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი, არის საწყისი წერტილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის

ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი, არის საწყისი წერტილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის, საწყისი წერტილი თქვენი მუშაობისთვის, რათა გაუძღვეთ ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ონლაინჩართვისას განაცხადა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ელჩებო და პოლიტიკურო ლიდერებო. მე ახლა ბრიუსელში ვარ, მაგრამ გულით თბილისში ვარ, ექვსი კვირის წინ მე თქვენ საქართველოში შეგხვდით. გახსოვთ, გითხარით, რომ ხელახლა დაგეწყოთ პოლიტიკური დიალოგი და გვერდით გადაგედოთ პოლიტიკური ჩიხი თქვენს ქვეყანაში. ჩვენ შევხვდით პრეზიდენტის სასახლეში, სადაც დღეს ხვდებით. პრეზიდენტის სასახლე და პრეზიდენტის ინსტიტუტი არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. მე მაგიდაზე დავდე ხუთი არსებითი პუნქტი, რომელიც კრიზისის დასაძლევად იყო საჭირო და დაგპირდით, რომ ვიქნებოდი ჩართული. დავნიშნე ჩემი პერსონალური წარმომადგენელი ბატონი დანიელსონი, რომელიც საქართველოს ორჯერ ეწვია და თითოეულ თქვენგანთან მრავალი შეხვედრა გამართა. მე ვთხოვე ჩემს დიპლომატიურ გუნდს, ძალიან აქტიურად დაეჭირა მხარი პროცესისთვის და ექვსი კვირის შემდეგ, პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წვლილისთვის და სიმამაცისთვის, რომ გვერდით გადადეთ განსხვავებული შეხედულებები საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ დიპლომატებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ გუნდს, რომელიც დაუღალავად მუშაობდა თქვენთან ერთად, ასევე, კარლ ჰარცელს და ელჩ დეგნანს. ჩვენ ვაფასებთ ყველა თქვენგანის ძალისხმევას. მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრისა და თქვენი, პოლიტიკურო ლიდერებო, ოპოზიციური პარტიების არჩეულო წევრებო, თქვენი სიმამაცისა და მამაცური პოლიტიკური არჩევანისთვის. ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვიყავით მთელი ამ დროის განმავლობაში. თქვენ გამიზიარეთ თქვენი აზრები, რაც უზომოდ სასარგებლო იყო ჩემთვის. მადლობა თქვენი სიბრძნისთვი. ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი. ეს არის საწყისი წერტილი, საწყისი წერტილი თქვენი მუშაობისთვის, საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის, საწყისი წერტილი თქვენი მუშაობისთვის, რათა გაუძღვეთ ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე“, – აღნიშნა შარლ მიშელმა ბრიუსელიდან ონლაინ ჩართვის დროს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმინაშვილი: სამადაშვილის ხელმოწერა ეწინააღმდეგება პოლიტსაბჭოში, მიღებულ გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” კვლავ დესტრუქციულად იქცევიან