შარლ მიშელი დღეს საქართველოში ჩამოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს საქართველოში ჩამოვა, – ამის შესახებ შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში ონლაინ ჩართვის დროს, გუშინ განაცხადა.

„მაქვს პატივი, გამოვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვალ საქართველოში, რადგან შევხვდე თითოეულ თქვენგანს, რათა გამოვხატო პატივისცემა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს ერთად, რომ გავაძლიეროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას“,- აღნიშნა შარლ მიშელმა.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გუშინ გაიმართა.

დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ხათუნა სამნიძემ, დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს, რადგან ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო“ დოკუმენტს არ უერთდებიან.

ხელმოწერის ცერემონიას პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ასევე ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი 18 აპრილს წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშილიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: დამაიმედებელი სიახლე საქართველოდან, პოლიტიკური ჩიხის დასასრულებლად შეთანხმება მიღწეულია
შემდეგი სტატიასამადაშვილი – მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება