პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები გააკრიტიკა. შარაშიძის თქმით, შალვა პაპუაშვილს იმაზე უნდა ესაუბრა, თუ რატომ დაადანაშაულა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მმართველი გუნდი ადამიანის უფლებების დარღვევასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მანიპულაციურად გამოყენებაში.
დეპუტატის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვერდიქტი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა, რათა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ 20 ივნისის საქმეზე „შეთითხნილი“ ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღეძრა. შარაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ევროპულ სტრუქტურებთან დიალოგის დასაწყებად ხელისუფლებამ რეალური ნაბიჯები ქმედებით უნდა აჩვენოს:
„„ოცნებას“ თუ სურს დიალოგი, დიალოგისთვის მზაობა უნდა აჩვენოს ქმედებით და არა მხოლოდ იმის ძახილით, რომ მზად ვართ. ფაქტობრივად, „ოცნების“ ყველა გზავნილი არის მანიპულაცია და არანაირი კავშირი დიალოგთან არა აქვს. მათ უგულებელყვეს ევროკავშირის სტანდარტები, რაც არის საბოლოო ჯამში დემოკრატიული სტანდარტები“, — განაცხადა გიორგი შარაშიძემ.















