15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა

მთავრობის დადგენილების მიხედვით, შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.

2026 წლის 24 აპრილის დადგენილების მიხედვით, ცვლილება შევიდა გასული წლის 10 აპრილის დადგენილებაში, მაშინ მთავრობამ შაქრის იმპორტზე ერთწლიანი გადასახადი დააწესა. მოქმედების ვადა 2025 წლის 22 აპრილიდან 2026 წლის 22 აპრილამდე იყო.

ცნობისთვის, საქართველოში შაქრის იმპორტზე დროებითი გადასახადი 2023 წლის 20 ნოემბრიდან ამოქმედდა. მაშინ ცნობილი იყო, რომ აღნიშნული წესი 2024 წლის 1-ელ ივლისამდე იქნებოდა ძალაში. თუმცა მას შემდეგ აღნიშნული საიმპორტო გადასახადის გახანგრძლივება კიდევ მოხდა. ამჯერად კი, ახალი დადგენილების მიხედვით, შაქრის იმპორტზე დაწესებულ გადასახადი 2027 წლის 22 აპრილამდე იმოქმედებს.

აღნიშნული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განისაზღვრა. ანუ, ყოველი ერთი ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 10.935 მლნ დოლარის ღირებულების 19 988 ტონა შაქარი იყიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. შარშან 3 თვეში 12.634 მლნ დოლარის 20 866 ტონა შაქარი შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველ კვარტალში ყველაზე დიდი რაოდენობით შაქარი საქართველომ პოლონეთში იყიდა – 4.408 მლნ დოლარის 8 539 ტონა. მეორე ადგილზეა საფრანგეთო, საიდანაც 3.283 მლნ დოლარის 6 402 ტონა პროდუქტი შემოვიდა. სამეულშია ნიდერლანდები, სადაც 1.702 მლნ დოლარის ღირებულების 2 776 ტონა შაქარი ვიყიდეთ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, შესაძლოა, ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
შემდეგი სტატიასერგო ვარდოსანიძე: ხვალ სინოდი დაადგენს გაფართოებული კრების ჩატარების თარიღს