შაქარიშვილი: უსახური ავტოფარეხები წარსულს უნდა ჩაბარდეს

თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობის თაობაზე დედაქალაქის მერის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ავტოფარეხების უსახური ნაგებობები წარსულს უნდა ჩაბარდეს.
„მივესალმები თბილისის მერის ინიციატივას ავტოფარეხების ნებაყოფლობით დემონტაჟთან დაკავშირებით. საბურთალოზე, ჩვენს რაიონში უკვე გვაქვს იდენტიფიცირებული ადგილები, სადაც ავტოფარეხების ნაცვლად შესაძლებელია სკვერების, სპორტული მოედნების თუ სხვა ტიპის საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა „- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, ავტოფარეხების დემონტაჟი გააუმჯობესებს სიტუაციას შიდა ეზოებში და მათ მიმდებარედ პარკინგის კუთხით, რადგან ფარეხები არ გამოიყენება პარკინგისთვის და ისინი გაცილებით მეტ ადგილს იკავებენ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფარეხების დემონტაჟი საშუალებას მოგვცემს უფრო რაციონალურად დაიგეგმოს სივრცის განაწილება, ისე რომ ყველა მცხოვრებლის ინტერესები იქნას გათვალისწინებული.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი შიდაკვარტალური მწვანე არეალების და საზოგადოებრივი სივრცეების შექმნა, რათა გაზრდილი სიმჭიდროვის და გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობის ფონზე, ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება სახლის მახლობლად დაისვენონ, გაასეირნონ ბავშვები და დაკავდენ სპორტით.
„ავტოფარეხებს წლების განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული სივრცე, რომელიც ჩვენ შვილებს, ხანდაზმულ ადამიანებს და ყველა მცხოვრებელს ეკუთვნის, ნაცვლად იმისა რომ ეს სივრცეები ეფექტურად ყოფილიყო დაგეგმარებული, გადაიქცა ნაგავსაყრელებად, ეს მახინჯი პრაქტიკა წარსულს უნდა ჩავაბაროთ“ – განაცხადა დეპუტატმა.
შაქარიშვილის თქმით, მას, საპარლამენტო მაჟორიტართან და გამგებელთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.
„მივესალმებით საკითხის მასშტაბურ გადაწყვეტას და იმედი გვაქვს, მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში და ისინი ჩაერთვებიან საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების პროცესში“ – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის თარიღი სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი
შემდეგი სტატია“ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში” – ირაკლი კობახიძე