შალვა თადუმაძე ერთხმად აირჩიეს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2019 20:24

შალვა თადუმაძე ერთხმად აირჩიეს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ

16 დეკემბერს გაიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის სხდომა. ინფორმაცია ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

სხდომას ესწრებოდნენ 12 დეკემბერს პარლამენტის მიერ დამტკიცებული მოსამართლეებიც. სხდომას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, მზია თოდუა.

ოფიციალური ცნობის თანახმად, ორშაბათის სხდომაზე სამი საკითხი განიხილებოდა, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკასაციო პალატებში განაწილება და უზენაესი სასამართლოს საკასაციო საქმეთა პალატების თავმჯდომარეების არჩევა:

„სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ პლენუმის მიერ ერთხმად იქნა არჩეული მოსამართლე შალვა თადუმაძე. ხოლო პალატის შემადგენლობაში გამწესდნენ მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი, მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოქმედ შემადგენლობას (თავმჯდომარე მზია თოდუა), დაემატნენ: მირანდა ერემაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა მოსამართლე ნინო ქადაგიძე, რომელმაც შეცვალა მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა ეწურება მიმდინარე წლის 18 დეკემბერს,ხოლო მოსამართლეებად გამწესდნენ მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე“.

16 დეკემბრის პლენუმის სხდომაზე განხილული კიდევ ერთი საკითხი იყო მოსამართლეთა შორის სასამართლო საქმეთა განაწილება:

„უზენაეს სასამართლოში შემოსული ახალი საქმეები განაწილდება ახლადდანიშნულ მოსამართლეებზე, ხოლო საქმეთა რაოდენობის გათანაბრების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლეზე თანაბრად ელექტრონული განაწილების მიხედვით გადანაწილდება საქმეები“.

გავრცელებული ინფორმაციით, პლენუმის გახსნას ესწრებოდა სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი, რომელმაც, მას შემდგომ, რაც პლენუმმა ხმათა უმრავლესობით, კენჭი უყარა სხდომის დახურვას, დატოვა სხდომათა დარბაზი.

სხდომის დახურვის გამო, მასზე დაკვირვების საშუალება არ მიეცა საია-ს წარმომადგენელს. ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია:

„კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომები, როგორც წესი, საჯაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ღია უნდა იყოს, თუ არ არსებობს რაიმე პატივსადები საფუძველი, უფრო მაღალი ღირებულების მქონე საჯარო ინტერესი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მოტივი მოსამართლეთათვის მსჯელობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა იყო. კანონი, პლენუმს ასევე აკისრებს ვალდებულებას „თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტიცება. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიმართ ნდობა კრიტიკულად დაბალია, როდესაც არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და კითხვები საკასაციო ინსტანციის გარშემო მიმდინარე პროცესების მიმართ, სასამართლოს ჩაკეტვა უარყოფითად აისახება მის მიმართ საზოგადოების განწყობაზე. საია მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს, მომავალში კანონის ამგვარი ინტერპრეტაციით ხელი არ შეუშალოს დამკვირვებლებს სასამართლოს მონიტორინგის პროცესში“.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2019 20:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,462
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics