შალვა შავგულიძე – ხელისუფლება იყენებს ისეთ დაუშვებელ მეთოდებს, როგორიც არის: ამომრჩეველზე ძალადობა, დაშინება, მუქარა, ცემა-ტყეპა

ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არჩევნების მიმართ. ხელისუფლება მყარად დაადგა იმ გზას, რომ ნებისმიერ ფასად მიაღწიოს არჩევნებზე წარმატებას, – ასე აფასებს ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე არჩევნებსა და კენჭისყის დღეს.

როგორც შალვა შავგულიძემ განაცხადა, მეორე ტური გამორიცხული არ არის, თუმცა „მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ“.

„მინდა მადლობა ვუთხრა იმ ამომრჩევლებს, რომლებიც მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მომცეს, მხარი დამიჭირეს. მინდა, მადლობა ვუთხრა ასევე იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც მე არ დამიჭირეს მხარი, მაგრამ მოვიდნენ არჩევნებზე და მონაწილეობა მიიღეს, ვინაიდან საზოგადოების აქტიურობა არის დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელი.

ხელისუფლება იყენებს ისეთ დაუშვებელ მეთოდებს, როგორიც არის: ამორჩეველზე ძალადობა, დაშინება, მუქარა, პირდაპირ ცემა-ტყეპას. არის ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ცილისწამების, „შავი პიარის“ გამოყენების ფაქტები და ა.შ. ასეთი მიდგომა ხელისუფლებამ უკვე გამოავლინა განვლილ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამიტომაც მიიღო ასეთი ნეგატიური შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. იგივე ვნახეთ ჩვენ შუალედური არჩევნების კამპანიის პერიოდშიც“,-აცხადებს შავგულიძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების მსგავსი მიდგომების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაში გამოჩნდა „პასიური პროტესტი“, რადგან მთაწმინდაზე ამომრჩევლის აქტიურობა არცთუ ისე მაღალი იყო. მან ამომრჩეველს მიმართა და განაცხადა, რომ პასიური პროტესტი ხელისუფლების შესაცვლელად საკმარისი არ არის.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი – მარნეულში არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა
შემდეგი სტატიაvideo-თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს