შალვა პაპუაშვილმა გვითხრა, რომ დღეს ყველა გვაკვირდება გამადიდებელი შუშით და მზად არიან ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში თანამშრომლობისთვის, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ – იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას კონსტრუქციულად აფასებს.

იოსელიანის თქმით, ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტი შესასრულებელია და აღნიშნულ პუნქტებშივე წერია, რომ ეს უნდა მოხდეს ოპოზიციის ჩართულობით.

„ვფიქრობ, კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მე მაინტერესებდა, როგორ წარმოუდგენია თავად პროცესი, სადაც ჩვენ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, რადგან ის 12 პუნქტი არის შესასრულებელი და 12-ვე პუნქტში წერია, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ამის მონაწილე. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, მაგალითად, მე შევთავაზე იდეა, რომ ოპოზიციურ და ე.წ. სამთავრობო არხებზე გახსნან სივრცე ერთმანეთისთვის და ორივე მხარემ იაროს ტელევიზიებში, რაღაცნაირად ამით პოლარიზაციის მომენტიც შემცირდება. მითუმეტეს, ღარიბაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ისინი მზად არიან, მიიღონ მონაწილეობა ოპოზიციურ არხებში დებატებში. როცა ადამიანები საუბრობენ, იქ ბუნებრივად არის შანსი იმისა, რომ შეთანხმებას მიაღწიო. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს ჩხუბი, მაგრამ ეს იქნება გამონაკლისი, ძირითადად იქნება დისკუსია კონკრეტულ საკითხებზე და ეს საკითხი არის ჩვენთვის ევროპული სტატუსის მონიჭება. ეს არის ყველაზე მთავარი დღეს, რაზეც უნდა ვკონცენტრირდეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება კითხვას, „ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა, ამბობს, რომ ფარში მონაწილეობის მიღება არ უნდათ, როგორ ხსნით ოპოზიციონერი კოლეგების გადაწყვეტილებას“, – იოსელიანის თქმით, ყველამ უნდა მიიღოს პროცესში მონაწილეობა, რადგან ერთია რომელიმე პარტიის პოლიტიკური ინტერესი და მეორეა, რა დევს საპირწონედ.

„ფარსში მონაწილეობა რას ნიშნავს, პარლამენტში თუ ხარ და თუ არავის ელაპარაკები, ვფიქრობ, მაშინ პარლამენტში არ უნდა იყო. მითუმეტეს ელაპარაკები რაზე? რაზეც ევროკავშირმა გვითხრა, რომ ამ 12 პუნქტზე უნდა ესაუბროთ ერთმანეთს და მიაღწიოთ შეთანხმებას. თუ არ დაელაპარკები, რა შეთანხმებას მიაღწევ. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ძალიან ტრივიალურ საკითხებზე გვიწევს საუბარი, რომ ადამიანებმა უნდა ილაპარაკონ რაღაცა შედეგი რომ გამოვიდეს. ვიღაცას თუ არ უნდა საუბარი, ეს მისი არჩევანია. სიმართლე გითხრათ, რაღაცნირი დეჟავუ მაქვს, მახსენდება პარლამენტში შემოსვლის პროცესი, როცა ყველა გულზე მჯიღს ირტყამდა, რომ არავითარ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში, ყველა ჩვენ გვადანაშაულებდა და შემდეგ აღმოჩნდა ყველა პარლამენტში. მე მგონია, რომ საბოლოოდ ყველა შემოვა და ყველა მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში, რადგან ერთია რომელიღაცა პარტიის პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ მეორეა, რა დევს საპირწონედ. საპირწონედ დევს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით. ჩემი აზრით, ამის იგნორირება ქვეყნის ინტერესების ღალატს ნიშნავს.

ამიტომ ყველას ვთხოვ, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, რომ გადადონ გვერდზე თავიანთი პოლიტიკური ინტერესები და შემოუერთდნენ ამ პროცესს ყველანაირი წინაპირობების გარეშე. მე რატომ ვარ ამ პროცესში – რომ ვისაუბრო, რა ხდება იმ შეხვედრებზე და ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ მართლა აპირებს რაღაცხის გაკეთებას, თუ მართლა რაღაცა დროის გაწელვაა და მოჩვენებითი ამბავია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანის განმარტებით, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მზად არიან ოპოზიციისთვის მნიშვნელოვან საკითხებში თანამშრომლობისთვის, რათა ქვეყანამ საბოლოო ჯამში კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„სიტყვა სიტყვით გეტყვით, რაც თქვა ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, რომ დღეს ჩვენ ყველა გვაკვირდება გამადიდებელი შუშით და ჩვენ მზად ვართ, ის საკითხები, რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, მაგალითად, სასამართლოსთან დაკავშირებით, თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ამ საკითხებში ვითანამშრომლოთ და კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე მივიდეთ, რომ მოგვარდეს ეს საკითხები, რათა საბოლოო ჯამში მივიღოთ შედეგი და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის, რაც მოვისმინე სამივე მათგანისგან და მართლაც ასეა. ყველას აკვირდებიან გამადიდებელი შუშით. არა მარტო ხელისუფლებას, ოპოზიციასაც. ოპოზიციის პასუხისმგებლობა ისაა, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ვერავინ ვერ მოსთხოვს ოპოზიციას, რომ მან 12 პუნქტი შეასრულოს. ჩვენ ვერ შევასრულებთ ამას, ჩვენი პასუხისმგებლობაა, თუ ვნახავთ, რომ ხელისუფლება არ ასრულებს, მოვახდინოთ მათზე ზეწოლა იმ ფორმით, რომ გავხადოთ საჯარო ეს ყველაფერი, რომ არ ასრულებენ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, ჩემს კოლეგებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს მათ შორის, რომლებიც ყველას ინტერესია, რომ იყვნენ ამ პროცესში ჩართული, ჩაერთონ ამ პროცესში, მიიღონ მონაწილეობა და ერთობლივად შევასრულოთ ის 12 პუნქტი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ექსპერტიზაში, შესაძლოა, შეერთებული შტატები ჩაერთოს
შემდეგი სტატიაძირითადად ზის, ურჩევნია ასეთ მდგომარეობაში იყოს – ცდილობენ, ცოტა ავარჯიშონ – ალასანია