შალვა პაპუაშვილის და ლევან იოსელიანის ერთობლივი ბრიფინგი

„დღეს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო რეფორმის პაკეტი და ამით დასრულდა რამდენიმე თვიანი მუშაობა. საბოლოო ჯამში, მივიღეთ პაკეტი, რომლითაც 6 სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც შეეხება: საარჩევნო სისტემას, საარჩევნო ადმინისტრაციას, წინასაარჩევნო კამპანიას, ხმის მიცემის პროცედურას, ხმების დათვლის პროცედურებს და საარჩევნო დავებს“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი 20 განსაკუთრებულად მნიშვნელოვან სარეფორმო პუნქტს შეიცავს, და მათგან მხოლოდ 5 პუნქტია 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებული, 15 პუნქტი კი სამუშაო ჯგუფმა მუშაობის პროცესში გამოავლინა და შეათანხმა.

„მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმების მონაწილეებმა დღეს მხარი დაუჭირეს რეფორმის პაკეტს, თუმცა, ამავე დროს, ხაზგასასმელია, რომ პარტია „ლელომ“ მხარი არ დაუჭირა ამ პროექტს. ის გახლავთ 19 აპრილის შეთანხმების ერთადერთი ხელმომწერი პარტია, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებებს. ამით, კიდევ ერთხელ, ხაზგასმულია, რომ პარტია „ლელო“ უბრუნდება თავის ბუნებრივ გარემოს და დგება იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, მეორე მნიშვნელოვანო ეტაპი – კანონის იმპლემენტაციაა.

„დარწმუნებული ვარ, რომ იმპლემენტაციის პროცესი, ასევე თანხმობით წავა. ეს კანონი და მასში გაწერილი პროცედურები არ დატოვებს არცერთ ღია კითხვას და გამორიცხავს ყოველგვარ სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის შეფასებით, დღეს ისტორიული დღეა, როცა პარლამენტმა მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რის მიხედვითაც პირველად საქართველოს ისტორიაში საარჩევნო გარემო ფუნდამენტურად იცვლება.

„საარჩევნო კოდექსი იცვლება იმგვარად, რომ გაყალბების, მანიპულაციის და სხვა ასეთი ტიპის მოქმედება შეუძლებელი იქნება. ეს იმის საწინდარია, რომ საქართველოში არჩვენები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში. ძალიან მიხარია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები, როდესაც პარლამენტში შემოვიდნენ, შემოუერთდნენ სამუშაო პროცესს და მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ცალკეულმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისი თქმით, ასევე მნიშნელოვანია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც ოპოზიციას და მმართველ პარტიას შეუძლია ისეთ საკითხზე თანამშრომლობა, რომელიც ამ ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული ინტერესი.

„ეს პრეცენდენტის შევქმენით ჩვენ, პარტია „მოქალაქეებმა“ „ქართულად ოცნებასთან“ ერთად და მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხებზე, რომელიც თავისი მნიშვნელობით არის ზეპარტიული, ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს მმართველ პარტიასთან. ეს არის დემოკრატიის და საპარლამენტო ცხოვრების ყველაზე სწორი ფორმა, როდესაც არ არსებობს სახელმწიფოებრივ საკითხებში განსხვავება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიმერკელი ისევ ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაკუჭავა – აუცილებელია, მაქსიმალურად მშვიდობიანად მოხერხდეს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება