შალვა პაპუაშვილი – უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ვისაუბრეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან საუბრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან ძალიან მეგობრული და თბილი საუბარი ჰქონდა. ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტი დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში შედგება.

„მინდა, კოლეგებს მოკლედ გაგაცნოთ ინფორმაცია. როგორც იცით და საჯაროდაც ითქვა, ამ დღეების განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია უკრაინის რადას თავმჯდომარესთან, ბატონ რუსლან სტეფანჩუკთან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მეგობრული და თბილისი საუბარი გვქონდა, ბევრ საკითხში გავერკვიეთ. მან დაადასტურა საკუთარი მიწვევა, რომ ვეწვიოთ უკრაინას და იქ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს ვიზიტი, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში შედგება, ახლა ვარკვევთ ორგანიზაციულ საკითხებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ჰქონდათ საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შესთავაზეს მათ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი.

„თქვენ ასევე, იცით, რომ ჩემი სურვილი იყო, პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია მრავალპარტიული ყოფილიყო. გუშინ ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებთან, გვქონდა შეთავაზება, თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა არ იყო თანხმობა. შემდეგ კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი იყოს. მართალია, უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ თავის მხრივ არ გაზარდოს წარმომადგენლობა, თანაბრობის პრინციპი ამ შემთხვევაში დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება, თუმცა ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს შეთავაზება სწორი იყო. აქედან გამომდინარე, მე მექნება თხოვნა ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ ამ დელეგაციისთვის. მექნება კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ვინაიდან გვესმის ყველას, რომ არ არის ადვილი ამ ვიზიტის ორგანიზება. არის საკმაოდ საჩქარო საკითხი და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, ანუ დღის პირველ ნახევარში ჩვენ ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ. აქედან გამომდინარე, ველოდები ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის შვიდი პირი დააკავა, მათ შორის ოთხი ნარკორეალიზატორია
შემდეგი სტატიამედვედევი – რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი ნატო-ს შეუერთდებიან