შალვა პაპუაშვილი – ტყუილია, თითქოს ქართულ არჩევნებში ჩაერია რუსეთი, ამ სიყალბეს გადაგვაყოლა სააკაშვილის მთელმა სამეგობრომ, მართლა რა არის, საბავშვო ბაღია?

ტყუილია, თითქოს ქართულ არჩევნებში ჩაერია რუსეთი, ამ სიყალბეს გადაგვაყოლა სააკაშვილის მთელმა სამეგობრომ. 12 წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და „რუსეთის“ მეტი სიტყვა არ დასცდენია ოპოზიციას და მის უცხოელ მხარდამჭერებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით სიტყვა „რუსეთს“ ვინც ახსენებს, ყველას პასუხს გასცემენ.

„26 ოქტომბერს არჩევნებში რუსეთის ჩარევა დაინახეთ? ხომ ვერ დაინახეთ. როგორც საქართველოს მოქალაქე, თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობთ, რომ, საფრანგეთის ელჩის მიწოდებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ავრცელებს ცრუ ნარატივს, თითქოს 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი კი არ გავედით არჩევნებზე და ჩვენი ნება გამოვხატეთ, არამედ ჩამოფრინდა ვიღაც მოსკოვიდან და იმან ჩაატარა არჩევნები. ამას გადაგვაყოლეს 12 წელია, ამ სიყალბეს გადაგვაყოლა სააკაშვილის მთელმა სამეგობრომ. 12 წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და „რუსეთის“ მეტი სიტყვა არ დასცდენია ოპოზიციას და მის უცხოელ მხარდამჭერებს. ტყუილია, თითქოს ქართულ არჩევნებში ჩაერია რუსეთი. ყველამ, მათ შორის ჟურნალისტებმა, ვისაც კეთილსინდისიერება გაქვთ შერჩენილი, ხომ უნდა იგრძნოთ თავი შეურაცხყოფილად? მართლა რა არის, საბავშვო ბაღია, რომ ქართველ ხალხს ამხელა ტრიბუნიდან გველაპარაკებოდნენ და ცრუ ნარატივებს ავრცელებდნენ? წეღან ვნახე პოლონეთის ერთ-ერთი სენატორის განცხადება, რუსული მანიპულაციაო. ამიტომ, რა დონეც არ უნდა იყოს, იქნება ეს ჩვეულებრივი უცხოელი მოქალაქე, დეპუტატი, პრეზიდენტი თუ ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს პოლიტიკასთან, ჩარევასთან დაკავშირებით სიტყვა „რუსეთს“ ვინც ახსენებს, ყველას გავცემთ პასუხს, რადგან ეს უნდა დასრულდეს.

გუშინწინ მოისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის ინტერვიუ ჟურნალისტ ფრიდმანთან, მოისმინეთ, რა ისაუბრა ბუდაპეშტის მემორანდუმზე. 30 წელი შესრულდა ამ მემორანდუმიდან, როდესაც უკრაინამ დათმო ატომური იარაღი. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინა ხდებოდა მსოფლიოში მესამე ქვეყანა ატომური იარაღის სიძლიერით. ეს ატომური იარაღი დაათმობინეს და მისცეს უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის, საფრანგეთი იყო უსაფრთხოების გარანტორი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინწინ თქვა, რომ ვიდრე რუსეთის 2022 წლის აგრესია დაიწყებოდა, საუბარი ჰქონდა ყველა გარანტორთან, მათ შორის საფრანგეთთან, რომ თავის დროზე დავთმეთ ატომური იარაღი, თქვენ მოგვეცით პირობა, იქნებოდით უსაფრთხოების გარანტიო და აჰა, დადგა მომენტი. გაიხსენეთ, რა თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რა გვითხრეს ამაზეო და რა განწყობაა – „პო ხერ“, აი, რა გვითხრეს საბოლოო ჯამშიო. ასე მიუდგნენ უკრაინას. ამიტომ, ვინმეს რუსეთზე თუ უნდა საუბარი, აგერ არის უკრაინა და დახმარებოდნენ თავის დროზე, როგორც საჭირო იყო და დაეხმარონ ახლაც. ახლა ნელ-ნელა აპარებენ, მათ შორის საფრანგეთის ხელისუფლება ნელ-ნელა აპარებს უკრაინელებს, მოგიწევთ ტერიტორიის დათმობა და ამას შეეგუეთ, შემდეგ დიპლომატიურად რაღაც შეიძლება მოხდესო. სამი წლის თავზე რომ აპარებენ, როდესაც ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი, ბავშვი, ქალი დაიღუპა, და ნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის სასოწარკვეთილი ინტერვიუ ფრიდმანთან. რასაც ვუყურეთ, ზუსტად ეს არის იმედგაცრუება. ამიტომ სადმე ვინმეს თუ აწუხებს რუსეთის პოლიტიკა, აგერ არის უკრაინა, მიეხედათ თავის დროზე, ერთი წლის წინ, ორი წლის წინ, სამი წლის წინ ან ახლა მაინც გამოიჩინონ სათანადო ძალები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარემ კლინიკაში მოინახულა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი – მნიშვნელოვანია, რომ სავიზო შეზღუდვები არა მოქალაქეებს, არამედ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს უწესდებათ – ეს დასავლეთის მხრიდან იმ საზოგადოების მხარდაჭერაა, რომელიც 40 დღეზე მეტია პროტესტს გამოხატავს