საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ალბათ მზია ამაღლობელსაც ექნება საშუალება, გააანალიზოს, რომ ის ხალხი, რომელიც, შეიძლება, მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში მის იარაღად გამოყენებას ცდილობდა“.
„რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ შიმშილობა შეწყვიტა. ამ დღეებმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა ის, რაც, სხვათა შორის, სხვა დროსაც ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს, რომ ამას შემდეგ სხვები იყენებენ იარაღად. გაოგნებული ვარ ევროკავშირის ელჩის განცხადებებით. ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის, გუშინაც ჰქონდა განცხადება, რომელიც, შეიძლება ითქვას, იყო პირდაპირ წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი თავის დაზიანება გაეგრძელებინა. ამას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი როდესაც აკეთებს, აჩვენებს მის პირად აცდენას ყოველგვარ არათუ ევროპული, ადამიანურ ღირებულებებისგან. ნაცვლად იმისა, რომ მიემართა, მათ შორის, მზია ამაღლობელისთვის, ეთქვა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, მისი მხრიდან ვნახეთ წაქეზება, რომ ადამიანს გაეგრძელებინა საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება. აღმაშფოთებელია, როდესაც ამას ვხედავთ და კიდევ ერთხელ მეორდება, სააკაშვილის დროსაც ასე იყო. ვერცერთი ელჩი ვერ გამოვიყვანეთ და ვერ ვათქმევინეთ, რომ ადამიანს შეეწყვიტა საკუთარი თავის დაზიანება. აქ ჩანს, რომ ზოგიერთებისთვის ეს მხოლოდ ინსტრუმენტია. ქალბატონ სალომეს წამოსცდა კიდევაც, რომ მზია ამაღლობელი არის კარგი იარაღი მის ხელში. როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელის ხელშიც ის იარაღი იყო. ამიტომ კარგია, რომ შეწყვიტა შიმშილობა. როგორც სააკაშვილის შიმშილობის დროს ვამბობდით, მინდა, ახლაც კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ, უპირველეს ყოვლისა, პენიტენციური დაწესებულება, სამედიცინო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა და, ზოგადად, სახელმწიფო არის პირველი გულშემატკივარი პირადად მისი და მისი ჯანმრთელობის. კარგია, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა. ამავე დროს, ალბათ მასაც ექნება საშუალება, გააანალიზოს, რომ ის ხალხი, რომელიც, შეიძლება, მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში მის იარაღად გამოყენებას ცდილობდა, მათ შორის, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ზოგიერთი უცხოელიც, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი კეთილი განზრახვები არ აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით. ვგულისხმობ იმ უცხოელებს, რომლებისგანაც უხვად იყო განცხადებები, რაც იყო ჩვეულებრივი წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობა მეტად დაეზიანებინა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს.