შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე: თუ რაღაც დაშვებას ვაკეთებთ, მას მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა ახლდეს თან

„რაც შეეხება კორუფციულ რისკებს, თავისთავად, როდესაც კომპანია აკეთებს შემოწირულობას, ესე იგი, ის ფინანსურად მძლავრი კომპანიაა და სტაბილური შემოსავალი აქვს. ამასთან, მას გარდა ბიზნესსაქმიანობისა, აქვს საშუალება შეიტანოს წვლილი პარტიული სისტემის განვითარებაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ესენი წარმატებული კომპანიები იქნებიან და თუ წარმატებულია კომპანია, შეიძლება ტენდერებშიც იყოს გამარჯვებული. აქ არაფერი უცხო არ არის. რაც შეეხება აღქმებს, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს [კორუფციას], სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში, დაბალი კვალიფიკაციის მაჩვენებელი ხდება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, როდესაც ხდება მუდმივი აპელირება აღქმებზე, შთაბეჭდილებებზე ნაცვლად იმისა, რომ ფაქტები წარმოადგინონ. აღქმები და შთაბეჭდილებები ბევრს შეიძლება რაღაცასთან დაკავშირებით ჰქონდეს, მაგრამ პროფესიონალიზმი გულისხმობს, რომ თუ რაღაც დაშვებას ვაკეთებთ, მას მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა ახლდეს თან“, – ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევას, სადაც ორგანიზაციამ მმართველი პარტიის შემოწირულობებში კორუფციის ნიშნები დაინახა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელოვნურად არ იღებდნენ შეწირულობებს და არც ხარჯავდნენ.

„დიახ, ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო უფრო მეტი შემოწირულობა და უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე ოპოზიციურმა პარტიებმა. ამავე დროს შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ დახარჯა უფრო მეტი, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ მიუხედავად იმისა, რომ იმ არჩევნებში დამარცხდნენ. ჩვენ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ვხედავდით, რომ მათ არ ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანია, არ აკრავდნენ ბანერებს, აგროვებდნენ თანხებს და არ ხარჯავდნენ, ამიტომ ეს ხელოვნურად გამოწვეული დაბალი შემოწირულობების რაოდენობაა ოპოზიციაში, მათ შორის, დაბალი ხარჯებიც. ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიებსაც ვაფრთხილებდით, რომ საბოლო შედეგები სავარაუდოდ, დაჯდებოდა ისე, რომ „ქართულ ოცნებას“ მეტი დანახარჯი ექნებოდა. ესეც მანიპულაციაა და არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას ნაკლები შემომწირველი ჰყავს ან შეუძლია ნაკლები თანხის შეგროვება, კიდევ შეგახსენებთ, რომ მათ ერთი წლის წინ მეტი დახარჯეს, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ მათ შეწირულობის მიღების პრობლემა არ აქვთ. ისინი ხელოვნურად არ იღებდნენ შეწირულობებს და არც ხარჯავდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა წართმეული მიკროფონი დააბრუნა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილის „იფსოსა“ და „მთავარი არხზე“: ისინი ერთად აყალბებდნენ შედეგებს