შალვა პაპუაშვილი – როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა, თუ მკურნალობა

ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი იყოს მოხდილი, განსაკუთრებით, რომელიც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხს, პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო სერვისი მიეწოდება.

„მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებით არის ორი განზომილება: ერთი, რომ მიხეილ სააკაშვილმა დადასტურებულად ჩაიდინა ორი დანაშაული – ეს არის სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეები, ეს არის დადასტურებული. არავის ამ ქვეყანაში ეჭვი არ ეპარება ამ საკითხში, თუ მიკერძოებული არ არის. შესაბამისად, დანაშაულის გამო, სასჯელი ყველა ადამიანმა უნდა მოიხადოს. სხვათა შორის, ამ ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდები, მეტ-ნაკლებად ყველა ამ მომენტს შეეგუა. მეორე, ეს გახლავთ პატიმრის ჯანმრთელობის საკითხი, ისევე, როგორც დანარჩენი 9 000-ზე მეტი პატიმრისა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაშია, ასევე არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება, რომელიც საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

სხვათა შორის, თუ დავაკვირდებით საერთო ჯამში ამ პროცესს, როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, ყველა სერვისი მიეწოდებოდა მიხეილ სააკაშვილს. მისმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ იყო სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობდა უარს და ამით გარკვეულწილად თავად იყენებდა ზიანს, რადგან ამ სერვისებზე უარს ამბობდა. ახლა ვხედავთ, რომ ის როგორც ჩანს, თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა თუ მკურნალობა.

ამიტომ, არის ეს ორი განზომილება და ამ ორ განზომილებაში უნდა ვუყუროთ. ერთი, ეს გახლავთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, რომ სასჯელი უნდა იქნას მოხდილი და განსაკუთრებით, რომელიც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მეორე, მისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს მიწოდებული და ამას სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულება ახერხებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილის რეჟიმი წლებია თავისუფალი სამყაროს საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამ ნაბიჯებზე რეაგირებს ბუნებრივად თავისუფალი სამყარო“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერს შეხვდა