„მიხარია, რომ ტრადიციულად ვმონაწილეობ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ღონისძიებებში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახლადშექმნილ სამსახურს ჰქონდეს განსაკუთრებული მხარდაჭერა. გვახსოვს, ის სკეპტიციზმი, როდესაც იქმნებოდა ეს სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად და ვფიქრობ, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ისე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საბოლოო ჯამში დაამტკიცეს, რომ ამ სამსახურების დაყოფა იყო სწორი გადაწყვეტილება“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
კონფერენციაზე, რომელიც მსხვერპლთა უფლებების დაცვის და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების თემას მიეძღვნა, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო სამსახურის ეფექტიანობაზე და აღნიშნა, რომ როდესაც ერთ საკითხზე ხდება კონცენტრირება და კომპეტენციები არ არის არეული ერთმანეთში, სამსახურის მუშაობა გაცილებით ეფექტურია.
„შედეგად, მივიღეთ ის, რომ ერთის მხრივ, მოხდა დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის მანდატის გაზრდა და ამას დაემატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე საქმეების გამოძიება, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე ინსტიტუციური გაძლიერება, როგორც თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფის და სოციალური გარანტიების მხრივ, ისე, თანამშრომლების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფის მხრივ შეიქმნა ჩარჩო-პირობები კანონმდებლობის კუთხით და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს სამსახურს“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ჩვენ, პარლამენტი, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა კომიტეტები, პირადად მეც, ვართ კომუნიკაციაში საგამოძიებო სამსახურთან, იმისთვის, რომ თუ რამე საკანონმდებლო მხრივ არის საჭირო, გაძლიერდეს; შეიქმნას შესაბამისი ჩარჩო და ხელი შევუწყოთ ამ სამსახურის მუშაობას, ვინაიდან ამ სამსახურის სიძლიერე და ეფექტიანობა, ჩვენთვისაც მნიშნელოვანია. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მხარდაჭერას და მზად ვართ მომავალი თანამშრომლობისთვის. ჩარჩო-პირობების შექმნის ნაწილში, ჩვენ, პარლამენტმა ეფექტიანად ვიმუშავეთ, იმისათვის, რომ საგამოძიებო სამსახურმაც საბოლოოო ჯამში ეფექტურად იმუშაოს“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კონფერენცია, სპეციალური საგამოძიებო სამსხურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის, ადამიანის უფლებათა დირექტორატის ხელმძღვანელმა კრისტოფ პუარელიმ და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.
ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდნენ.