საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლოში მიმდინარე გამოკითხვებს ეხმაურება.
პაპუაშვილის შეფასებით, პროცესმა გამოაჩინა, რომ მედიისა და პოლიტიკოსების განცხადებები უსაფუძვლო კონსპირაციები იყო და მოწმეთა სახით გამოკითხულ პირებს რეალური მტკიცებულებები არ გააჩნიათ.
„როცა საქმე საქმეზე მიდგა, ყველამ, ვინც კი ჩვენება მისცა — ნიკა გვარამიათი დაწყებული და დიტო ჩუბინიძით დამთავრებული — მივიდა და თქვა: ჩვენ ვართ ჭორიკანები, უბრალოდ ვჭორაობდით, არავითარი ფაქტი და არგუმენტი არა გვავს!
ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, ვიცოდეთ, რომ მედია სასტიკი იარაღია, რითაც შეიძლება, რომ ადამიანებს აბსოლუტური ბოდვა ჭეშმარიტებად წარმოუდგინო… საქმეზე კითხვები სერიოზულად რომ დაისვა, თავადვე თქვეს, რომ არაფერი აქვთ“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ასავალ-დასავალის“ რედაქტორმაც დაადასტურა, რომ ჯორბენაძის მიერ გაჟღერებული ცნობების გამყარებელი არანაირი დოკუმენტი ან ფაქტი არ უნახავს.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა გარდაცვლილი ადამიანის განცხადებების გამოყენებას საზოგადოებაში ისტერიისა და კონსპირაციების დათესვის მიზნით.
მისი განცხადებით, მედიააჟიოტაჟის მიუხედავად, სამართლებრივ საკითხებს შესაბამისი სამართლებრივი პასუხები ექნება.








