შალვა პაპუაშვილი: ყველაზე ეფექტიანი სანქცია იქნებოდა ასეთი პარტიის არჩევნებიდან მოხსნა

კანონით აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა და ისმის კითხვა დავსაჯოთ თუ არ დავსაჯოთ. არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნაა, რომ დაისაჯოს პარტია, რასაც ჩვენც ვეთანხმებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი პრეცედენტის დროს პარტიის დასჯის ინიციატივა ჯერ კიდევ 2016 წლიდან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ეკუთვნით. „კერძოდ საქმე ეხება ისეთ პრეცედენტს, როცა პარტია უცხო ქვეყნის მოქალაქეს იყენებს საარჩევნო აგიტაციის პროცესში. ის რომ სანქცია უნდა გავრცელდეს პარტიაზე, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, თუმცა რა ფორმა ექნება სანქციას ამაზე შესაძლებელია მსჯელობა.თუმცა ჩვენი მოსაზრებაა, რომ სანქცია უნდა იყოს ეფექტიანი, პარტიას უნდა ეშინოდეს, რომ ეს არ გააკეთოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, თუ სანქცია იქნება პირობითად 2 000 ლარი, პარტიები იმდენ ფულს იხდიან რეკლამასა და პირდაპირ ეთერში, რომ ათჯერ და ოცჯერ 2 000 ლარის გადახდასაც შეძლებენ. „ამიტომ ახალი სანქცია ეფექტიანი უნდა იყოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე ეფექტიანი სანქცია იქნებოდა ასეთი პარტიის არჩევნებიდან მოხსნა.

„რაც შეხება დაფინანსება მოხსნა-არმოხსნის საკითხს და ამასთან დაკავშირებით, უცხოელი პარტნიორების განცხადებას, რომელსაც სრულად ვიზიარებ, მათ შორის სენატორ რიშის განცხადებაც ახსენეთ, რომელმაც თქვა, რომ დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს ჰქონდეთ ამ დემოკრატიულ პროცესში თანაბრად მონაწილეობის შესაძლებლობა.

თუ ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე ხალხის ნება აისახა; თუ საერთაშორიო დამკვირვებლები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული; თუ ვხედავთ, რომ მოსახლეობის განწყობა მიმართულია იმისკენ, რომ ეს არჩევნები შედგა; თუ არ არსებოს არც ერთი არგუმენტი, რომ არჩევნები გაყალბდა – მიუხედავად ამისა, ჩვენი ოპონენტები არ შემოდიან პარლამენტში და აცხადებენ, რომ ელოდებიან გაზაფხულს ბუნტის მოსაწყობად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი პარტიები გადიან დემოკრატიული სივრციდან და ხდება ანტიდემოკრატიული ძალა. ამ დროს დემოკრატიამ უნდა იფიქროს, როგორ დაიცვას თავისი თავი. ეს პარტიები ამბობენ, ამ პროცესის მიღმა ვდგები, თუმცა თანხა მაინც მომეცით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებს ერთი რამ უშლის ხელს – ის, რომ რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნები წააგეს და ამას ვერ აცნობიერებენ.

„მათ უნდათ ძალაუფლება; ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ერთადერთი გზა, ამომრჩევლის ნდობის მოპოვებაა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის პარლამენტში შეტყუებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა