შალვა პაპუაშვილი – ღალატია, როცა იხდი ფულს და ეკვრები ადამიანებს, რათა შენი ქვეყანა დაასანქცირონ, უნდათ, სააკაშვილს გადააყოლონ მთელი ქვეყანა

ვინც რამენაირად შეეხო მიხეილ სააკაშვილის საკითხს, პრეზიდენტები, პოლიტიკოსები, მინისტრები და ა.შ. ყველა შერცხვა ქართველი ხალხის წინაშე. სააკაშვილის თემაზე კიდევ ერთხელ ვიხილეთ ევროპული პოლიტიკური ელიტის ყველაზე მახინჯი სახე, რომელიც დაკავშირებულია დეზინფორმაციასთან, ლობიზმთან, რასაც სინამდვილეში საერთო არაფერი აქვს ევროპასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მთელი კამპანია აწყობილი იყო დეზინფორმაციაზე, საქართველოზე ჰიბრიდულ თავდასხმაზე.

„ვნახეთ, რომ ე.წ. პოლონელი ექიმების საკითხიც თურმე იყო ლობისტური კომპანიის მიერ ლობირებული თემა. ვინც რამენაირად შეეხო მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ყველა შერცხვა, აბსოლუტურად ყველა – პრეზიდენტები, პოლიტიკოსები, მინისტრები და ა.შ. ვინც შეეხო ამ მხრივ მიხეილ სააკაშვილის საქმეს, ყველა შერცხვა ქართველი ხალხის წინაშე. ყველაზე მძიმეა, რომ მიხეილ სააკაშვილის თემაზე კიდევ ერთხელ ვიხილეთ ევროპული პოლიტიკური ელიტის ყველაზე მახინჯი სახე, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან, პატრონაჟთან, დეზინფორმაციასთან, ლობიზმთან და ყველა იმ ცუდ თვისებასთან, რომელთანაც ჩვენ არ გვინდა, რომ ევროპა გავაიგივოთ. ჩვენ ვიხილეთ ზოგადად დასავლური პოლიტიკური ელიტა ამ მახინჯი სახით, რომელსაც სინამდვილეში საერთო არაფერი აქვს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან.

არასათანადო სამედიცინო სერვისის მიწოდება, წამება, მოწამვლა – ეს ყველაფერი რომ ტყუილი და დეზინფორმაციაა, არის ფაქტი, რასაც საბოლოო ბეჭედი დაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ვხედავთ, რაში იხარჯებოდა მილიონები, რა კონტაქტები, რა კავშირები, პირდაპირი სია არის, ვისთან ჰქონდათ სატელეფონო საუბრები, იმეილებს ვის სწერდნენ, ვის სტატიას, ვის ინტერვიუს აწერინებდნენ და ა.შ. მთელი კამპანია აწყობილი იყო დეზინფორმაციაზე, ჰიბრიდულ თავდასხმაზე საქართველოზე, ქართულ სახელმწიფოზე. პირდაპირ არის სია, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, „როგორ გესმით თქვენ ლობიზმი, ბუნებრივია, ვისაც ფულს გადაუხდი, შენს ინტერესებს ემსახურება“, – შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ ამას კორუფცია ჰქვია.

„სულ მცირე, რაზეც ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ, არის ის, რომ სტატიები, განცხადებები, რეზოლუციები სინამდვილეში იყო არა ევროპარლამენტარების, ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების და მოქმედი პოლიტიკოსების გულწრფელი პოზიციები, არამედ იყო ნაკარნახევი. მათ, ასე ვთქვათ, ლობისტური კომპანიების მეშვეობით გაუწიეს რაღაცებს ანგარიში. გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისეთი ხალხი გამოდიოდა, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა, საიდან უნდა ცნობოდა ან საიდან უნდა ჰქონოდა საქართველოსთან სპეციფიური ინტერესი, მაგრამ გარკვეული სახელი და გვარებია, რომელთანაც შეიძლება, რაღაც ავტორიტეტი იყოს დაკავშირებული და ამ ადამიანებს ალაპარაკებდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „ვინც ამ პროცესში მოგიწოდებდათ, ჰუმანიტარული მიზნით გეზრუნათ სააკაშვილზე, ყველა საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა?“, – შალვა პაპუაშვილის თქმით, ამას ამბობს არა მხოლოდ თავად, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელმაც თქვა, რომ მოწამვლა, არასათანადო სამედიცინო მომსახურება, წამება ტყუილია.

„ჩვენ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვამბობთ, რომ ყველა ეს ადამიანი, იქნება ევროპარლამენტარი, ყოფილი დიპლომატი, მოქმედი, თუ ვინც იყო, ვინც შეეხო ამ საკითხს დეზინფორმაციული კუთხით, თავს ესხმოდა და, სამწუხაროდ, დეზინფორმაციული კამპანიით კვლავ თავს ესხმის ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დოკუმენტურად დადასტურებულად გამოჩნდა, როგორ იბრძვიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მფარველები საქართველოს წინააღმდეგ.

„სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და ა.შ. ყველა მდაბიო ქმედებას ჩვენ „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეგუებული ვართ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, კიდევ რაც გამოჩნდა უკვე დოკუმენტურად დადასტურებულად, არის, როგორ იბრძვიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მფარველები საქართველოს წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის წინარმდეგ და ითხოვენ სანქცირებას ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეების, იმ მოქალაქეების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ და უნდათ, მიხეილ სააკაშვილს გადააყოლონ მთელი ქვეყანა. თუ რამე შეიძლება იყოს მდაბიო საქციელი, სწორედ ეს არის. ამას პატიოსან საზოგადოებაში ეძახიან ღალატს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ღალატია, როდესაც შენ იხდი ფულს და ეკვრები ადამიანებს, რათა შენი ქვეყანა დაასანქცირონ და შენს ქვეყანას დაესხნენ თავს. ამიტომ ეს არის ღალატის მთელი ანატომია, რომელიც ჩვენ ამ ანგარიშში ამოვიკითხეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.

ამასთან, დღეს გახდა ცნობილი მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია, რომელიც უცხოური მედიისთვის მომზადებულ მასალებს ეხება.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მორალური პედესტალიდან ესაუბროს საქართველოს
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტები ნახევრად ალყაში იმყოფებიან- ბრძოლები ბახმუტზე კონტროლის დამყარებაზე მიმდინარეობს