საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარული სესია გახსნა. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სიტყვით გამოსვლსას პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონული ფორმატების მზარდ როლს გლობალური გამოწვევებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული გეოპოლიტიკური რყევების ფონზე.
პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც საერთაშორისო ძალები ორგანიზაციებს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ, ეს იწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას და პოლარიზაციას. მისი თქმით, პაბსეკმა მკაფიო ფოკუსი უნდა შეინარჩუნოს ვაჭრობაზე, დაკავშირებადობასა და ადამიანების კეთილდღეობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედისმომცემი უწოდა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესსა და თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზებას. მან მაგალითად მოიყვანა „შუა დერეფნის“ განვითარება და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზის ექსპლუატაციაში შესვლა.
სესიის გენერალური დებატების თემა სწორედ ხელოვნურ ინტელექტს ეხება. პაპუაშვილის თქმით, AI ახალ შესაძლებლობებს აჩენს ლოგისტიკის, საზღვრების მართვისა და ეკონომიკური ზრდისთვის, თუმცა პარლამენტარების მოვალეობაა ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც დაიცავს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს.
„იმ პირობებში, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას, რეგიონულ ფორმატებს, როგორიცაა პაბსეკი, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, გაგვაერთიანონ ჩვენი საერთო პრაგმატული ინტერესების დასაცავად… ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
















