ბარიერის საკითხი უნდა დაიხუროს, რადგან ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხუთ პროცენტთან, ზოგიერთი აწევასაც ითხოვს, ამიტომ, ვფიქრობ, ეს ეს თემა დახურულია მათთვისაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ახლახან პოლონეთში ჩატარდა არჩევნები, იყო ხუთპროცენტიანი ბარიერი და ხუთმა პარტიამ გადალახა, ხელისუფლებაც კი შეიცვალა, ამიტომ, ოპოზიციაში უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის.
„გადამწყვეტი არის არა ბარიერი, გადამწყვეტი არის ხალხის ნება. ხალხის ნება ბოლო ათი წლის განმავლობაში რაც არის, ეს კიდევ ერთხელ გამოვლინდება 2024 წელს. ქართველი ხალხი ანტიქართულ პლატფორმებს მხარს არ დაუჭერს. სხვანაირად როგორ უნდა აუხსნა. როდესაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან, ქართველი ხალხი მათ მხარს არ უჭერს, ეს არის აქსიომა, ელემენტარული ჭეშმარიტება. ვინც არის ანტიქართულ პლატფორმაზე და ემტერება საკუთარ ხალხს, მას ხალხი არ აძლევს ხმას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.