შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მონიტორინგის მისიამ საკმაოდ მძიმე სიტყვებიც კი გამოიყენა და თქვა, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ძირი არ უნდა გამოუთხაროს პარლამენტის მუშაობას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მონიტორინგის მისიამ საკმაოდ მძიმე სიტყვებიც კი გამოიყენა და თქვა, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ძირი არ უნდა გამოუთხაროს პარლამენტის მუშაობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც ასამბლეა ყველა პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ.

„ჩვენი მოწოდებაც ჩვენი ოპონენტების მიმართ არის, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და აღასრულონ საკუთარი მანდატი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, იგეგმება მნიშვნელოვანი რეფორის გატარება საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს ადამიანური ფაქტორი და შეცდომები საარჩევნო პროცესში.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ანგარიში ერთი ერთში ემთხვევა ჩვენს განწყობებსაც. ჩვენ რამდენიმე დღის წინაც ვთქვით, რომ ყველამ, პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამაც, ყველამ რაღაც დასკვნები უნდა გამოვიტანოთ 31 ოქტომბრის არჩევნებიდან. ჩვენ ჩვენი დასკვნა გამოვიტანეთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ მნიშვნელოვანი რეფორმა გავატაროთ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, შემოვიღოთ ელექტრონული სისტემები, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს ადამიანური ფაქტორი და შეცდომები ამ დროს. ვიცით, რომ ეს ხარვეზები არსებობდა, ამიტომ ჩვენ ჩვენი დასკვნა გამოვიტანეთ.

რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მათ ვხედავთ, ჯერ დასკვნა არ გამოუტანიათ. იმ შემთხვევაში, თუ ისინიც რაღაც დასკვნას გამოიტანენ ამ არჩევნებიდან და მას შემდეგ მოყოლილი რეაქციიდან, ისინი შემოვიდოდნენ პარლამენტში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უმრავლესობის წევრმა ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის დასკვნაზე საუბრისას ანგარიშში შენიშვნების ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც პაპუაშვილის განმარტებით ძირითადად ეფუძნება სამწუხაროდ, თავის დროზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაშვებულ ხარვეზებს.

„შენიშვნების ნაწილში იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა უბნების 8%-ზე დისბალანსის საკითხს, რომელზეც ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია, ვსაუბრობთ. ეს მოდის თავის დროზე „ისფედის“ ანგარიშიდან, შემდეგ 4 ნოემბრის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში აისახა კიდევ ერთხელ ეს უბნების 8 %-ში დისბალანსი, რაც არის აბსოლუტური აცდენა რეალობიდან. იცით, რომ ჩვენ მოვუწოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ჩაასწორონ მათი ეს ანგარიში. სამწუხაროა, რომ ასეთი მცდარი ახლა აისახა მონიტორინგის მისიის ანგარიშში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ვაცნობებთ, რომ ეს მათი ციტირება, რასაც ახდენენ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებიდან, იყო დაფუძნებული მცდარ შეფასებას, რომელიც თავის დროზე მოახდინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ მეგრელიშვილი – თუ ჩვენ მოვემზადებით ამ მეხუთე რაუნდისთვის, გვექნება წარმატების შანსი
შემდეგი სტატიათარხნიშვილი – კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ახალი არჩევნები