შალვა პაპუაშვილი: ეჭვი არ მეპარება, რომ რაღაც ბოროტ მოტივაციებს ჰქონდა ადგილი ყველას მოვუწოდებ, თავის შეფასებებში დაფიქრდნენ

არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, კრიტიკული თვალით გადახედონ 4 ნოემბრის განცხადებას, თუ ჩათვლიან, რომ შესასწორებელია შეასწორონ, თუ სხვა პოზიცია აქვთ, გვითხრან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ როგორც საზოგადოება, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და ორგანიზაციები.

„სამწუხაროდ, გუშინ ვნახეთ გამოქვეყნდა „ჰიუმან რაით ვოჩის“ ანგარიში და ერთ-ერთი ნაწილი არჩევნებს ეხება, სადაც თავის აზრად არ აქვს გადმოტანილი, მაგრამ ციტირებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 4 ნოემბრის განცხადებას, როცა ქართულმა 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დასკვნის სახით შემოგვთავაზა, რომ ეს არჩევნები იყო „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე არადემოკრატიული და არათავისუფალი, რაც არის გარკვეული ჰედლაინური ხასიათის შეფასება. თუ 4 ნოემბრის განცხადებას ვნახავთ, ხუთი პრეტენზია არის – პირველი არჩევნების შედეგების დაგვიანებულ გამოქვეყნებას ეხება. სულ არის ექვსი-შვიდი-რვა საათია გამოქვეყნების. ეს დროის ის შკალაა, როცა შედეგების გამოქვეყნება ხდება. მათი პირველი შეფასება მცდარი იყო. მეორე – რვა პროცენტიან ბალანსს ეხებოდა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ გუშინ თქვა, რომ გადათვლას ვაკეთებთ ხელახლაო. ისინი თავის შეფასებას აღარ იმეორებენ და მცდარი აღმოჩნდა. მესამე – თითქოს იყო უპრეცედენტოდ დიდად გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი. 24 დეკემბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ცალკე დასკვნა გამოაქვეყნა და ეს ფრაზა აღარ გაიმეორა, ესეც მცდარი აღმოჩნდა. შემდეგ იყო ძალადობის ფაქტები. საია-სა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებებს რომ შეხედოთ, ისინი ამბობენ, სხვა არჩევნებთან შედარებით, ძალადობის ნაკლები ფაქტები იყო და გამოძიება დაიწყო, რეაგირება იყო. მეხუთე იყო – ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა. შეგიძლიათ, საიას ანგარიში ნახოთ, სადაც აღნიშნულია, რომ იყო ნაკლები სხვა არჩევნებთან შედარებით და უმეტესად ოპოზიციის მხარეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს იყო ხუთი შეფასება, რომელსაც დასკვნა ეყრდნობოდა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ყველაზე ნაკლებად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ხუთი საფუძველი ყველა არის მცდარი, დასკვნაც ავტომატურად გამოდის მცდარი.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, კრიტიკული თვალით გადახედონ 4 ნოემბრის განცხადებას, თუ ჩათვლიან, რომ შესასწორებელია შეასწორონ, თუ სხვა პოზიცია აქვთ, გვითხრან. პროგრესისკენ წინ მიმართულ ორგანიზაციებს დასკვნა გამოაქვთ რაღაც სიტუაციიდან. „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბრის არჩევნებიდან დასკვნა გამოიტანა, რომლის შედეგებს იმაში ავსახავთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ისეთი საარჩევნო პროცედურებით ჩატარდება, რომელიც კითხვებს გამორიცხავს. ასევე მოვუწოდებთ სხვებს, დასკვნები გამოიტანონ. რაში მდგომარეობს, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში? – „ვინ დარაჯობს მას, ვინც სხვებს დარაჯობს?“. ზოგჯერ უფრო გადაჭარბებულად ხდება სიტყვების შერჩევა, რომლის უკან ისეთი მძიმე ფაქტები არ ჩანს, რაზეც საუბრობენ – თუნდაც ეს ფრაზა, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ პერიოდში ყველაზე არადემოკრატიული და არა თავისუფალი არჩევნები“. ეჭვი არ მეპარება, რომ რაღაც ბოროტ მოტივაციებს ჰქონდა ადგილი. ყველას მოვუწოდებ, თავის შეფასებებში დაფიქრდნენ. პროფესიონალიზმის ნაწილია, რომ შეფასებების ნაწილი ფაქტების სიმძიმეს პასუხობდეს. არასამთავრობო ორგანიზაციების გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართული დემოკრატიის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი და ბევრ პოლიტიკოსზე მეტიც. მათ მიმართ მომთხოვნი სწორედ ამიტომ ვართ. ჩვენს დასკვნებში ადეკვატურები უნდა ვიყოთ, რაც არის დასკვნა, ამის ფაქტები უნდა იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები სოფელ ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაN16 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული 506 ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია