შალვა პაპუაშვილი: “დღისით, მზისით, ივანიშვილს ავაზაკურად არეკეტებდნენ”

ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო დავა „კრედიტ სუისთან“ – შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ “ოცნების” დამფუძნებლის წინააღმდეგ ევროპული საფინანსო სტრუქტურების გამოყენებით “ავაზაკური რეკეტი” ხდებოდა.

“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ევროპაში კანონის რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით “მითი დაიმსხვრა” და ეს კარგად გამოჩნდა იმ ზეწოლაში, რაც პაპუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილზე მიმდინარეობდა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად აქვს მოლოდინი, რომ 607 მილიონზე წვდომა ექნება.

გავიმეორებ ადვოკატების შეფასებას, რომ ეს იყო ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა დღისით მზისით, შუაგულ ევროპაში, იმ ევროპული საფინანსო სტრუქტურების გამოყენებით, რომლებიც ასე ამაყობენ ხოლმე მათი რეგულაციებით, გამჭვირვალობით, კანონისადმი განსაკუთრებული მორჩილებით, ეს ყველაფერი ჩამოიშალა იმ წლების განმავლობაში, რაც ჩვენ ამ სასამართლო პროცესს ვაკვირდებით. როგორც აღმოჩნდა, ევროპაში არც იქაური ეროვნული ცენტრალური ბანკების რეგულაციები არ მუშაობს, არც სისხლის სამართლის მართლმსაჯულება არ მუშაობს, არც სხვა რაიმე განსაკუთრებული მექანიზმები არ მუშაობს. თუკი არსებობს პოლიტიკური ინტერესი და ეს არის ნათელი დასტური, რომ იყო პირდაპირი პოლიტიკური მიზანი ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლისა იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისკენ ებიძგებინათ და წლების განმავლობაში, ამ ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენებას ცდილობენ.

ეს არის ფაქტი, რომ დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით მზისით, ყველას თვალწინ, ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

მეორე საკითხი არის ის, რომ თუკი არის პოლიტიკური მიზანი, სანამ არ გააცნობიერებენ, რომ ზეწოლის ამ პოლიტიკურ მიზანს ვერ მიაღწევენ, ყველა შეეცდება სხვადასხვა ბერკეტი გამოიყენოს, მათ შორის სანქციაა ასევე დამზღვევი ბერკეტი. ეს თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყენა, რომელსაც დღევანდელი პრეზიდენტი ავტოკალმის ადმინისტრაციას ეძახის და რომელიც სხვისი ხელით იმართებოდა, თავისი ნებით არ მოქმედებდა. ამ ადმინისტრაციის ხელით დააწესეს სანქციები და შეზღუდვები ბიძინა ივანიშვილისთვის, მათ შორის უშუალო მითითებით, რომ ამ კონკრეტულ თანხას ეხება ეს ყველაფერი. მაშინაც კი თუ დადასტურდება, რომ ეს ავაზაკობა იყო ევროპის კონტინენტზე, რაიმენაირად შეეზღუდათ წვდომა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, იყო კიდევაც განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად აქვს იმის მოლოდინი, მანამ, სანამ არ გადაიაზრებენ საქართველოს მიმართ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, რომ ამ წვდომას უზრუნველყოფენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ლონდონის სასამართლოს, Privy Council-მა გუშინ გამოტანილი განაჩენით ძალაში დატოვა წინა ინსტანციის ბერმუდის სასამართლოს მიერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენი, რომლითაც UBS/Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა. [აღნიშნული განაჩენი UBS/Credit Suisse-მა 2024 წელს Privy Council-ში გაასაჩივრა].
Credit Suisse-მა ასევე წააგო მრავალწლიანი დავა სინგაპურშიც, სადაც საბოლოო განაჩენით ივანიშვილის სასარგებლოდ 461 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, ექსპერტების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ამერიკული სანქციების გამო, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თანხებზე წვდომა ვერ დაიბრუნოს. შემდგომი ეტაპები შეეხება უკვე თავად თანხის მიღების სამართლებრივ მექანიზმებს.

banner
წინა სტატიაშისად არის ივანიშვილი?! – სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება
შემდეგი სტატიაკრემლი: “უკრაინის შესახებ ტრამპის გეგმა, შესაძლოა, მოლაპარაკებების საფუძველი გახდეს”