შალვა პაპუაშვილი დეკანოიძეს – ქალბატონო ხატია, თქვენ ფრაქციის თავმჯდომარე ხართ და ფრაქციის წევრებს მოუწოდეთ, იყვნენ მშვიდად – რასაც აკეთებთ, ეს არის სხდომის ჩაშლა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, საკუთარი ფრაქციის წევრებს სიმშვიდისკენ მოუწოდოს და პრემიერი-მინისტრის მოხსენება მოისმინონ.

ამის შესახებ პაპუაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პრემიერის სიტყვით გამოსვლას მორიგ ჯერზე ხმაური და დარბაზში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან ხმამაღალი რეპლიკები მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველა დეპუტატს ექნება საკმარისი დრო, რომ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვას.

„ქალბატონო ხატია [დეკანოიძე], თქვენ ფრაქციის თავმჯდომარე ხართ და ფრაქციის წევრებს მოუწოდეთ, იყვნენ მშვიდად. მიმდინარეობს მოხსენების მოსმენა. არ არის საჭირო ადგილიდან საუბარი და ღირსების შემლახავი ეპითეტებით საუბარი. გთხოვთ, მოისმინოთ, აიტანოთ ნებისმიერი მოსაზრება. რასაც აკეთებთ, ეს არის სხდომის ჩაშლა, თუ ჩაშლა გნებავთ, ესეც არ არის პრობლემა. გამოვაცხადებ შესვენებას, დარბაზი დაიცლება, შემდეგ არ შემოვუშვებ იმას, ვინც სხდომის მსვლელობას უშლის ხელს და გაგრძელდება ასე. ამიტომ მოვისმინოთ. ეს კულტურა კი არა, ელემენტარული ზრდილობის საკითხია. პატივი ეცით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გისმენენ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ლევან ხაბეიშვილს – ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი, საცოდავი ადამიანი ხარ
შემდეგი სტატიაუკრაინულმა მხარემ ვიქტორ მედვედჩუკს პატიმრობა 9 აგვისტომდე გაუხანგრძლივა