პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე საკადრო ცვლილებებისა და რუსეთის ქმედებების შეფასებისას განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის შედეგია. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანია, არ დაუშვას ოკუპაციის ანექსიაში გადაზრდა, რასაც ქვეყანამ თავი 2022 წელს ესკალაციაზე უარის თქმით აარიდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ არის ხელისუფლება რუსეთის მიმართ კრიტიკული, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია საქართველოს ორ რეგიონში. მისივე განცხადებით, დუმილის შესახებ ბრალდებები საფუძველს მოკლებულია და ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი ეცემა:
„იქ, სადაც საჭიროა სიტყვით რეაგირება — ვიყენებთ სიტყვის რეაგირებას. იქ, სადაც საჭიროა საქმით რეაგირება — არის საქმით რეაგირება; იქ, სადაც სამართლებრივი რეაგირებაა საჭირო სტრასბურგით — გამოიყენება. სწორედ ამის შედეგია დღეს ის, რომ საქართველო არის ეკონომიკურად ყველაზე მზარდი, უსაფრთხოების მხრივ ყველაზე დაცული და პოლიტიკურად ყველაზე მყარი ქვეყანა რეგიონში“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.















