ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობასა და მტრობას, ომის სურვილსა და ომის სინანულს, ომის დამნაშავესა და ომის მსხვერპლს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რუსთავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს გზა რთულიც არის და იოლიც
„რთულია, თუ მხოლოდ იმ ტკივილზე ვიფიქრებთ, რაც ერთმანეთს მივაყენეთ სიტყვით თუ საქმით, განზრახ თუ გულგრილობით. რთულია, თუ ამ ტკივილს უბრალოდ გავიყუჩებთ, ჩვენსას არ გავუზიარებთ და სხვისას არ გავიზიარებთ, დასასჯელს არ დავსჯით და შესანდობს არ შევუნდობთ. მაგრამ ეს გზა იოლია, თუ იმ სიყვარულზე ვიფიქრებთ, რაც ჩვენ შორის იყო და არის. ჩვენს საერთო ოჯახებზე, საერთო სალოცავებზე, ჩვენს საამაყო საერთო წარსულსა და მის ხელახლა გამეორებაზე. სწორედ ამას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. სწორედ ეს გათქვეს მათ ბოლო დღეებში მათი გაშიშვლებული ნაციონალისტური რიტორიკით და შერიგების წინააღმდეგ საბაბების ძებნით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავადვე დაადასტურა, რომ ნულია შანსი, მათ ქვეყნის გამთლიანებისთვის საჭირო კონსტიტუციურ პროცესში რაიმე კონსტრუქციული როლი ითამაშონ.
„ამიტომ არის „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ერთადერთი გზა ქვეყნის გაერთიანებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.