პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციისთვის ცნობილია, რა არის გასაკეთებელი ურთიერთობების აღსადგენად, ვიზიტების სურვილი იყო, თუმცა რაიმე თარიღი არ ყოფილა შეთანხმებული.
„წინა ადმინისტრაციამ ამ მიზანს რომ ვერ მიაღწია, იყო მცდელობა, არადემოკრატიული გზებით შეეცვალა ხელისუფლება. ამან მიგვიყვანა ამ ურთიერთიბების რღვევამდე, სრულად წინა ადმინისტრაციის დამსახურებაა, რომ ამ რეგიონში ყველაზე ერთგული პარტნიორისგან თვითდისტანცირება მოახდინა. ასე რომ, ამ ადმინისტრაციისთვის ცნობილია, რა არის გასაკეთებელი, რათა ეს ურთიერთობები იყოს იქ, სადაც იმსახურებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ ჯერ არაფერია დაგეგმილი და კონკრეტული თარიღი არ არის შეთანხმებული.
„ჯერ კონკრეტული არაფერი დაგეგმილი არ არის. რაიმე თარიღი არ ყოფილა შეთანხმებული. კომუნიკაციის და ვიზიტების სურვილი იყო, თუმცა რა და როგორ იქნება, ლოგისტიკის საკითხია. ეს ჯერ არ ვიცით. სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარის მიზანიც იყო, დაედასტურებინა აშშ-ის სურვილი ურთიერთობების და დიალოგის უმაღლეს დონეზე აღდგენაზე. მნიშვნელოვანია, უკვე კონკრეტული მუშაობა დავიწყოთ. შესაბამისად, შემდეგი ნაბიჯები გულისხმობს კომუნიკაციას, ვიზიტები იქნება თუ სხვა სახის კომუნიკაცია. აბა, როგორ იქნება ურთიერთობების აღდგენა, საჭიროა საუბარი და ამისთვის ვიზიტი. განათლების მინისტრი რომ იმყოფება აშშ-ში და თავის კოლეგებს ხვდება, სხვადასხვა მინისტრს რომ აქვს აშშ-ში ვიზიტები, ეს ყველაფერი გადადგმული ნაბიჯებია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.















