შალვა ოგბაიძე : „სითი პარკს“ ხელშეკრულება კონკრეტული დარღვევების გამო შეუწყდა

„სითი პარკი“ იყო კლასიკური ნიმუში, როგორ ილახებოდა მოქალაქეების საჯარო ინტერესები – ასე გამოეხმაურა თბილისის მერის გადაწყვეტილებას „სითი პარკისთვის“ ხელშეკრულების გაუქმებას თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი შალვა ოგბაიძე.
მისი განცხადებით, თბილისის მერის გადაწყვეტილებაში მთავარია ის, რომ ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, რაც მმართველი გუნდის საარჩევნო დაპირება იყო.
„ “სითი პარკს“ ჰქონდა კონკრეტული დარღვევები, რის გამოც მას ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეუწყდა. ველოდებით, რომ წარმოდგენილი იქნება სამოქმედო გეგმა, რომელიც პარკირების საკითხს მოაგვარებს. პარკირებიდან შემოსული თანხა მიზნობრივად მოხმარდება საპარკინგე სისტემის და ინფრასტრუქტურის განვითარებას“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.
რაც შეეხება საკითხს, გამოცხადდება ახალი კონკურსი თუ თბილისის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის ფუნქციებში შევა პარკირების სისტემაზე ზრუნვა, შალვა ოგბაიძემ განაცხადა, რომ საქალაქო სამსახურების მიერ ასეთი საკითხების მოგვარება მიღებული პრაქტიკაა.
„ეს მიღებული პრაქტიკაა, როდესაც კონკრეტულ ამოცანებს დედაქალაქის მერია მის მიერ დაარსებული შპს-ების მეშვეობით წყვეტს, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ მიზნობრივად სწორედ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა გაართვას თავი პარკირების სისტემის მოწესრიგებას“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მისი თქმით, საპარკინგე სისტემის განვითარებისთვის გასაკეთებელი ბევრია.
„უნდა შეიქმნას გამართული საპარკინგე სისტემა, მოხდეს გარკვეული წახალისების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრა, ისე რომ, ადამიანის უფლებები არ შეილახოს. ეს არის მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე მეურნეობის განვითარება. უკვე შერჩეულია 10 ადგილი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობისთვის და ეს პროცესი შეუქცევადი იქნება“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველმა თამაზ მეჭიაურის წინააღმდეგ დისკრიმინაცია დაადგინა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე : კახა კალაძე ძალიან სწრაფად ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას