33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

შალვა ნათელაშვილი: პუტინს უკრაინაში წარუმატებლობის გადაფარვა ქართული მიწის მითვისებით სურს, ივანიშვილი კი თანამონაწილეა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო ინტეგრაციის პროცესს ეხმაურება და მას საქართველოსთვის უმძიმეს საფრთხედ აფასებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, კრემლი უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობების ფონზე ცდილობს, ყურადღება ქართული მიწების ანექსიაზე გადაიტანოს. ნათელაშვილი მომხდარში პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსაც აკისრებს და დასავლელ პარტნიორებს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს.

შალვა ნათელაშვილის განმარტებით, ტერიტორიული მთლიანობის საბოლოო დაკარგვის საფრთხე, რაზეც მისი პარტია წლებია აფრთხილებდა საზოგადოებას, რეალობად იქცა:

„მოსკოვი იერთებს შიდა ქართლს, ცხინვალის რეგიონს თავისი სახელმწიფო იურისდიქციის შემადგენლობაში. ამ აგრესიული საერთაშორისო სამართლებრივი დელიქტისთვის კრემლს გამზადებული აქვს ყველა ნორმატიული ბაზა, რეფერენდუმი, რატიფიცირებული ე.წ. კონვენციები და ამ დღეებში უკვე პირდაპირ ცხადდება განზრახვა, გააერთიანონ ე.წ. ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციაში“.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პრეზიდენტ პუტინს უკრაინის ფრონტზე არსებული მარცხის გადაფარვა „ისევ და ისევ ქართული მიწის მითვისებით სურს“.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე აღნიშნულ პროცესებში უმთავრეს დამნაშავედ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს მიიჩნევს და მას კრემლის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს:

ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მოსკოვის მითითებით, ცხინვალის ზონიდან შეიარაღებული ძალები და პოლიცია გამოიყვანა, რითაც ოკუპანტს „ბილიკები გაუხსნა“ ბორდერიზაციისთვის.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს არცერთი ანექსიური ნაბიჯი არ გაუპროტესტებია საერთაშორისო ინსტიტუტებში, პროცესის დაგვირგვინება კი გორში წარმოთქმული სიტყვა იყო.

„ამ ყველაფრის დაგვირგვინება გახლდათ ოლიგარქის სიტყვა წარმოთქმული გორში, სადაც მან ბოდიში მოუხადა ქართველი ხალხის სახელით სეპარატისტებს, ოკუპანტებს, ანწუხელიძის მკვლელებს. ამით შემზადდა ის ფონი, რაც დღეს დადგა ჩვენს წინაშე ტრაგიკულ რეალობად“, — აცხადებს ნათელაშვილი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შალვა ნათელაშვილი პარტნიორ ქვეყნებს — აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს — რადიკალური ზომებისკენ მოუწოდებს:

სასწრაფოდ იქნას მოწვეული გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომა, რათა დაიგმოს რუსეთის ანექსიური მოქმედებები და დაწესდეს ახალი სანქციები.

ევროკავშირმა და აშშ-მა პერსონალური სანქციები უნდა დაუწესონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა დე ფაქტო თანამდებობის პირს.

„მივმართავთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, დაუყოვნებლივ გასცეს დაპატიმრების ორდენი ქართველი ხალხის მოღალატე, ქართული მიწის პუტინზე გამჩუქებელ, დიქტატორ ივანიშვილის წინააღმდეგ“.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი: სომხეთის ხელმძღვანელობა ამჟამად გზაჯვარედინზეა
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე: ალან ბერსეს არ სურს საქართველოს იზოლაცია, თუმცა ჩვენ ჩვენი მკაცრი პოზიცია გვაქვს