შალვა ნათელაშვილი: მოლაპარაკებებში მალე ჩაერთვება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი

კოლეგებს ვუფასებ მოთმინებას და გამძლეობას, მაგრამ მე ამის მეტი ყურების ნერვები არ მქონდა და ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი დამეთანხმა ამ დემარშში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„პირველივე რაუნდიდან მედიატორები გვეუბნებოდნენ, რომ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში და დაიწყოთ საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და დაელოდოთ არჩევნებს, ადგილობრივს და მერე საპარლამენტოს, 2024 წელს. ეს დაახლოებით რას ჰგავს იცით, ადამიანმა მოკლა კაცი და ეუბნებიან, არ დაგიჭერთ, თუ მეორეს არ მოკლავ.

როცა ვხედავთ, რომ მთავარი საკითხებია ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება, ნიკა მელიას გამოშვება და შენ მაიძულებ, დავიწყო სასამართლო და საარჩევნო რეფორმებით, გამოდის, რომ სახლს მაშენებინებ სახურავიდან. უკვე შემიძლია ეს ვთქვა, რომ არა ვარ მოლაპარაკების მონაწილე, რომელიც იწყებოდა პრეამბულით, რომ ჩვენ შევდივართ პარლამენტში და ველოდებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

ბოლოში ეწერა მთლად საოცარი ამბავი, პოსტსკრიპტუმი, რომ ხუთი კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ოპოზიციის, რომ შევალთ პარლამენტში და ორი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, მათ შორის, ევროკავშირში ერთი. ამათი არასახელმწიფოებრივი ფსიქოლოგია ნახეთ. ამაზეც აწუწუნდა მერე თალაკვაძე და ხუთი კომიტეტის თავმჯდომარე როგორ გადავაყენოო, რა ვუთხრა იმათ, რატო ვყრი თანამდებობიდანო. ჩემს კოლეგებს ვუფასებ მოთმინებას და გამძლეობას, მაგრამ მე ამის მეტი ყურების ნერვები არ მქონდა და ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი დამეთანხმა ამ დემარშში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, ​მოლაპარაკებები ალბათ გაგრძელდება, რადგან ალტერნატივა არ აქვს.

„მოლაპარაკებებში მალე ჩაერთვება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ევროპაც დარჩება. მოდი, ახლა ობიექტურად ვთქვათ, ევროპა მაინც კონფედერაციული ფენომენია, იქ დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან მონაწილეები, იმ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს თავისი ხედვა, თავისი პოლიტიკა, სტრატეგია აქვთ, იგივე საფრანგეთსა და გერმანიას არ უნდათ, რუსეთთან ურთიერთობა გააფუჭონ. მეტსაც გეტყვით, გერმანიის ელჩი, რომელიც აქ არის, გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატად და მე ალბათ ახლა იძულებული ვიქნები, ბუნდესტაგს მივწერო წერილი, რომ ამ ბატონს უფრო ეგზოტიკური ქვეყანა შეურჩიონ სამუშაოდ, რადგან ეს მეტისმეტია. გუშინ, უცნობია თუ გრეჩიხაა, იმასთან მჯდარა და ნუ მოკლედ გვაგინა და გვლანძღა. ეს უკვე ელჩის ფორმატიდან სრული ამოვარდნაა“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიტიკარაძე: ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო
შემდეგი სტატიაკრისტიან დანიელსონი: იყოს ნაპოვნი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა, დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე