შალვა ნათელაშვილი – მართლა სამგლე გოჭებივით თუ ატყდებიან და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამას მოჰყვება ისეთი სანქციები, შეიძლება, ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში

„გაზაფხულს დაემთხვა მართლაც შესანიშნავი სიახლე და გაჩნდა იმედები, რომ კრიზისი გადაილახება ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით. ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე, ქვეყანაში არავითარი პროგრესული პოლიტიკური პროცესი არ განვითარდება და კრიზისი ვერ განიმუხტება. ახლა როგორ გგონიათ, ნელსონ მანდელა ყოფილიყო სამხრეთ აფრიკის ციხეში, აპარტეიდი დამთავრებულიყო ქვეყანაში და ეს მსოფლიოს ეღიარებინა. ასეთი რაღაცები არ ხდება. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ბატონი ღარიბაშვილი საკუთარი ან თავისი უფროსის ილუზიებიდან ძალიან მალე გამოვა და დაადგება პრაგმატული რეალიზმის გზას. რიგგარეშე არჩევნები მათთვის წითელი ხაზი კი არა, ტრაგედიაა. ქვეყანა ხელში აქვთ ჩაგდებული საძარცვავად, ყველა მოქალაქე პირად მძევლებად ჰყავთ აყვანილი და ასეთი სასიამოვნო ნადავლის ხელიდან გაშვება, რომელიც მათ ეღირსათ სრულიად დაუმსახურებლად, ძარცვით, მოტყუებით, გაყალბებით, უზურპაციით, მართლაც წითელი ხაზი და უზარმაზარი სტრესია. თუმცა ამას ისინი ადრე თუ გვიან შეეგუებიან“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე თუ უარს იტყვის, ევროპიდან და ამერიკიდან მოსალოდნელია სანქციების დაწესება.

„მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ამაყი განცხადება, რომ ახალი არჩევნები არის მათთვის წითელი თუ ლურჯი ხაზი, 15 წუთის შემდგომ ცხვირწინ დაუდეს ექვსპუნქტიანი დოკუმენტის პროექტი, რომლის მეხუთე პუნქტი პირდაპირ საუბრობს ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მართლაც ატყდებიან სამგლე გოჭებივით და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მათ ცხვირწინ დადო ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ამას მოჰყვება ისეთი სანქციები ევროპიდან და ამერიკიდან, რომ შეიძლება ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში. ეს არის ძალიან რბილი შეფასება, რომ კიდევ უფრო მეტად არ გაუსკდეთ გული. ვფიქრობ, ეს გონივრული კომპრომისია, მით უფრო იმ ფონზე, რომ კარვების კვარტალი პარლამენტის წინ რჩება ადგილზე, მით უფრო იმ ფონზე, რომ 13 მარტს დიდი აქციაა დაგეგმილი და მისი მომზადების ღონისძიებები სრულმასშტაბიანად ხორციელდება ყველა პარტიის მიერ. ამიტომ ეს შუალედური პიკეტირების ფორმატი შეიცვლება, რათა არ ჰქონდეთ იმაზე ტირილის და წუწუნის საფუძველი, რომ აი, ჩვენ გვჩაგრავენ“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის: ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: საკვირველია რეაქციები… ნუთუ არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონში, ლომთათიძის ქუჩის გრუნტიან მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო