„ლეიბორისტულ პარტიაში“ ყრილობა გაიმართა, სადაც დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე შალვა ნათელაშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ყრილობაზე პარტიის წევრებმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დემოკრატიული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორების უფრო აქტიური ჩართულობა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ყრილობა პროტესტის ნიშნად ფეხზე დგომით ჩატარდა და პარტია ბრძოლას რეჟიმის ჩამოშლამდე გააგრძელებს. მისივე თქმით, ქვეყნის მშენებლობისთვის აუცილებელია ოლიგარქების გაძევება და წაღებული მილიარდების ბიუჯეტში დაბრუნება.
„ფეხზე ვიდგებით მანამ, სანამ ამ რეჟიმს არ ჩამოვშლით საბოლოოდ და არ გავათავისუფლებთ ქვეყანას… ყველა ოლიგარქი უნდა გაძევდეს, ყველა მილიარდი, რომელიც მათ წაიღეს ჩვენგან, უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და გადანაწილდეს ხალხზე… ამის შემდეგ დაიწყება ის ეროვნული ევროპული სოციალიზმი, რომლისთვისაც ჩვენ შევიქმენით“, — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.














