შალვა ნათელაშვილი: კორონა იქნება ძეგლი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საფლავზე

საგანგებო მდგომარეობამ ოპოზიციასაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მას შემდეგ, რაც მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალა, ბევრ ოპოზიციონერ ლიდერს სახლში დარჩენა მოუწია. მანქანით ვერც ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გადაადგილდება, მაგრამ ის მაინც დადის პარტიის ოფისში და დღეში 16 კილომეტრის გავლა უწევს ფეხით. მისი აზრით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ხელისუფლებას საპროტესტო მუხტი ჩახშობისა და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებისთვის სჭირდება.
რას ნიშნავს პანდემიის ჟამს ბიძინა ივანიშვილის „შეკუნტრუშება“, უნდა გამოეცხადებინა თუ არა ოპოზიციას მორატორიუმი, რით დამთავრდება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება – ამის შესახებ „თაიმერს“ შალვა ნათელაშვილი ესაუბრება:
-ჩვენს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელმა „შეკუნტრუშებამ“. ე.წ. ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებულ ივანიშვილების კლიპს თქვენ რა შეფასებას მისცემდით?
-ეს არის წიხლი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კარგა ხნის წინ “ჩაგვაზილა”. ახლა მან ამ ვიდეოთი იმის დემონსტრირება მოხდინა, რომ ფეხებზე ვკიდივართ. ეს არის და ეს, მეტი რა უნდა იყოს?
-ამ ვიდეოს მიზანი, თქვენი აზრით, მხოლოდ ეს იყო? დავუშვათ, რომ უბრალოდ შვილთან ერთად ერთობოდა…
-რა შუაშია აქ გართობა? მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინს ასე რომ ეცეკვა თავის შვილთან, წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა? ან წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა იაკობი ომში რომ არ გაეშვა და შემდეგ ტყვედ ჩავარდნილი გამოეხსნა? რუსები სტალინს აუცილებლად დაამხობდნენ. პანდემიის და ჭირიანობის დროს არცერთ ქვეყანაში არ პატიობენ თავის ლიდერს “ტიკატოკობას”… თუ რა ჰქვია მაგათ ცეკვა-თამაშს.
-წარმომიდგენია, რა ამბავი ატყდებოდა, თქვენ და თქვენს შვილს ბექას რომ ჩაგეწერათ ასეთი ვიდეო?! სხვათა შორის, ბექამ აქციებიდან მოყოლებული ძალიან ბევრს შეაყვარა თავი…
-მე რომ გავგიჟდე და ასეთი რამის გაკეთება მოვინდომო, ბექა ამას არ დაუშვებს. ადამიანი როდესაც პოლიტიკაშია, ამასთან ლიდერია და ლამის კერპად არის გამოცხადებული, მას ბევრად მეტი სერიოზულობა და სიდინჯე მართებს, რაც ივანიშვილს არ გააჩნია. ამ ვიდეოთი ისიც გვაჩვენა, რომ კარგად არის. ის დიდი ხნის მანძილზე არსად ჩანდა. გავრცელდა ხმები, რომ ცუდად იყო. მოკლედ გვითხრა, მე კარგად ვარ და თქვენ კისერი გიტეხიათო.
-ამაზე ხალხის რეაქცია როგორი იქნება?
-ხალხის რეაქცია ისეთი რამეა, რომლის პროგნოზირებაც მსოფლიოს ბრძენთა კრებულსაც კი უჭირს. ახლა, როდესაც ამ ინტერვიუს ვწერთ, მარნეულში დიდი გამოსვლებია. სამომავლოდ ეს იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით. რაც დღეს ხდება, ეს თუ კიდევ გაგრძელდა, აუცილებლად იქნება დიდი პროტესტი. ადამიანებს მანქანებით გადაადგილებაც კი აუკრძალეს არა კომენდანტი საათის დროს. ისტორიაში ჯერ არავის გაუგია იმის შესახებ, რომ მანქანაში მყოფ ადამიანებს ერთმანეთისგან რაიმე ინფექცია გადასდებოდათ. ასეთი რამ ავტომობილის გამოგონებიდან დღემდე არ მომხდარა.
-მანქანით გადაადგილების აკრძალვა ახსენეთ. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბევრი ადამიანი გვიკავშირდება სოფლებიდან და გვეუბნება, რომ ამ შეზღუდვის გამო რაიონულ ცენტრებში ჩასვლას და წამლის ყიდვასაც კი ვერ ახერხებენ.
-არამარტო წამალზე, პურზე ვერ ჩადიან რაიონულ ცენტრში ან შედარებით დიდ სოფლებში. ძალიან ბევრ სოფელში არაა მაღაზია და აფთიაქი. მთებში პატარა სოფლებია შემორჩენილი, სადაც თითო-ოროლა კომლი ცხოვრობს. ვშიშობ, ამ კარანტინის დამთავრების შემდეგ იქ მძიმე მდგომარეობა დაგვხვდება. ინსპექტირებაა საჭირო, რათა გავიგოთ როგორ არიან იქ მოხუცები. მათ საკარანტინოდ არც პროდუქტები მისცეს და არც ფული. დღეს შიმშილით სიკვდილის საფრთხე გვემუქრება და არა კორონათი. ეს საფრთხე შექმნა ხელისუფლებამ. აბა სხვა ვინ შექმნიდა ამას?
-საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე რას იტყვით?
-ამ „საგანგებოებს“ ეპიდემიასთან კავშირი არ აქვს. იტალიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა დაიწყეს ზომების გამარტივება. შვედეთში საერთოდ არ ყოფილა კარანტინი და ყველაზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ. მსოფლიო ემშვიდობება ამ ვირუსს და ვირუსიც გვემშვიდობება ჩვენ. კორონავირუსი დასუსტდა, ესენი ამ დროს ზომების კიდევ უფრო გამკაცრებაზე გადადიან. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ხალხის საპროტესტო მუხტი გააჩერონ, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდონ. ამის გარდა უნდათ არჩევნები გადადონ ან თუ ვადებში ჩაატარებენ, მაჟორიტარების დახმარებით გააყალბონ. ამიტომ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ კორონავირუსი „ტუზ კოზირივით“ დაეცა.
-როდესაც თავიდან გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა, ოპოზიცია ამას გაგებით მოეკიდა. თქვენ და რამდენიმე ლიდერი აპროტესტებდით მხოლოდ…
-ასეთი სოლიდარობის გამოცხადება ამ ხელისუფლებასთან დაუშვებელია. როგორც კი არბილებ დარტყმებს და ასეთი ვერაგი რეჟიმის მიმართ ყურადღებას ადუნებ, ის უკვე გიკეთებს ჰიპნოზს, რისთვისაც დაგაგდებს ბეჭებზე. დაუშვებელი იყო „ქართული ოცნებისთვის“ სოლიდარობის გამოცხადება.
მე ჯერ კიდევ იანვრის თვეში ვითხოვდი საზღვრების დაკეტვას. ამათ საზღვრები მაშინ ჩაკეტეს, როცა მთელი რეგიონი აფეთქდა. იანვარში რომ ჩაეკეტათ, ახლა ყველაფერი გადავლილი იქნებოდა. ხალხი მოხნავდა და დათესავდა. ნორმალურად ვიქნებოდით. სინგაპურმა და ჰონკონგმა თავიდანვე ჩაკეტეს საზღვრები, მოახრჩვეს კორონა და ახლა იქ საშიშროება არ არის.
„ქართული ოცნება“ ამ საგანგებო მდგომარეობას იქამდე გააგრძელებს, სადამდეც შერჩება. მათთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება. ამისთვის იყენებენ კორონას ეპიდემიას. მათ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება. არც იმის საშუალებას მოგვცემენ, რომ მოვემზადოთ და საპროტესტო მუხტი დავძრათ. შეიძლება გადადონ არჩევნები ან ძველი წესით ჩაატარონ და გააყალბონ. ივანიშვილს საშინელება აქვს ჩაფიქრებული, რასაც ძალიან სერიოზული პროტესტი მოჰყვება.
-საპროტესტო მუხტის აწევა არ გაგიჭირდებათ? პროტესტის მუხტი ფაქტიურად ჩამქრალია.
-მე ვერ დაგეთანხმებით. საპროტესტო მუხტი გაძლიერებულია. მშიერ ხალხს ვერავინ გააჩერებს. ისინი ხელისუფლებას არ აპატიებენ, რომ ამ პანდემიის ჟამსაც კი არ გაიმეტეს მათთვის საარსებო თანხა. ახლა ჩვენი სახელით 5 მილიარდ კრედიტს იღებენ. ვითომ პანდემიასთან საბრძოლველად, სინამდვილეში კი თავის ბიზნესებს აიწყობენ და საკუთარ ანგარიშებზე ჩარიცხავენ ამ ფულებს.
რამდენი ხანია ვითხოვთ, რომ თითოეულ ოჯახს ათასი ლარი დაურიგონ. ამასობაში ტრამპმა თითოეულ ამერიკელს 1.200 დოლარი მისცა. ჯონსონმა 2.500 ფუნტი სტერლინგი. საბერძნეთმა 800 ევრო დაარიგა. გამათხოვრებულმა კოსოვამაც კი დაურიგა ხალხს ფული. ჩვენ კიდევ გვატყუებენ, რომ ბიძინამ 100 მილიონი გადარიცხაო. მან რაღაც მანიპულაცია გაითამაშა. სახელმწიფოს ჯიბიდან ამოაცალა ფული და კორონას ფონდში გაატარა. ამით ფული გაათეთრა. ფოკუსნიკია და უყვარს ფოკუსების ჩატარება.
-ამას არც თავად მალავს, წლების წინ ამაყად გვითხრა, ტრიუკი ჩავატარეო.
-ტრიუკით ცხოვრობს ეგ. მაგის დაბადებაც ტრიუკი იყო.
-საზღვრების გადმოწევაზე მინდა გკითხოთ. თქვენ დადიოდით ხოლმე იქ, სადაც რუსები უკანონოდ ავლებდნენ მავთულხლართებს.
-ახლა ვერ მივდივარ. სახლიდან სამსახურამდე ფეხით დავდივარ. ყოველდღე ფაქტიურად 16 კილომეტრის გავლა მიწევს. ისედაც ვვარჯიშობდი და ახლა უფრო მეტი ვარჯიში მიწევს. ფაქტიურად გამომკეტეს სახლში.
-იმისთვის, რომ მანქანით გადაადგილდეთ, ამაზე საშვი არ გაქვთ?
-არ მაქვს საშვი. გახარიას მივწერე და ვუთხარი, თუ საშვს არ მომცემ, მაშინ შენ ჩადი ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში და დაელაპარაკე რუსებს რას აკეთებენ იქ აღდგომის დღეებში მეთქი. მისგან პასუხი არ მოსულა. ფაქტიურად მთელი ოპოზიცია გამოგვკეტეს. ფიქრობენ, რომ კარანტინით საპროტესტო მუხტს ჩაახშობენ და თავიანთი ჭკუით გაგვანეიტრალებენ. მე გამჩერებელი არ ვარ. მთელმა თბილისმა დაინახა, რომ თავისუფლად დავდივარ ფეხით. მომავალშიც ასე გავაგრძელებ..
-ამ საგანგებო სიტუაციამ ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი გააჩერა…
-გამოკეტილი ჰყავთ და რა ქნან? ყველა ვერ ირბენს 20 კილომეტრს დღეში. ეს ფიზიკური შესაძლებლობის საკითხია. ყველაფრის მიუხედავად წინ მაინც კარგი დღეები გველოდება – ივანიშვილის რეჟიმი შევიდა თავის უკანაკნელ სტადიაში, კორონა კი იქნება ძეგლი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საფლავზე.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
შემდეგი სტატიამარინა ენდელაძე: ვისაც ჩავუტარეთ მედიკამენტ „პლაქვენილით“ მკურნალობა, არც ერთთან გართულება არ გვქონია