შალვა ნათელაშვილი: “ივანიშვილს პრემიერობას რომ ვთავაზობდი, ამაზე ბოდიშს ვიხდი”

რატომ უნდა დატოვონ პოლიტიკური ველი ბიზნესმენებმა, რას უპირებს ამერიკის კონგრესი ივანიშვილს, რატომ მოიპატიჟა წლების წინ ის პოლიტიკაში და როდიდან დაიწყო მათ შორის დაპირისპირება, რატომ არ შეიძლება, ანაკლიის პორტი კერძო მესაკუთრის ხელში იყოს? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ესაუბრება.

_ წლების წინ თქვენ ამომრჩეველს დაჰპირდით, რომ თუ პრეზიდენტი გავხდები, ბიძინა ივანიშვილს პრემიერად დავასახელებო. მაშინ ალბათ არ გიფიქრიათ, რომ ივანიშვილი იქნებოდა ის, ვინც ახლა არის.
_ ახლა გინდათ მე დამაბრალოთ მისი პოლიტიკაში მოყვანა? არა, მე ის პოლიტიკაში არ მომიყვანია. ჩემს ცნობილ განცხადებას მისი პრემიერად წარდგენის შესახებ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. მინდა იცოდეთ, რომ ეს იყო პიარ-განცხადება მხოლოდ და მხოლოდ.
ეს ის პერიოდია, როცა სააკაშვილი იზოლირებული იყო. ყველანი აქეთ ვიყავით, ის იქეთ იყო მარტო. ერთადერთი, ვინც მას მხარს უმაგრებდა, იყო ბიძინა ივანიშვილი. ეს განცხადებაც ამ მიზნით იყო გაკეთებული. მისი პრემიერად დასახელების დიდი სურვილი არც მქონია, რადგანაც მას 1999 წლიდან ვებრძოდი.
მას პირველად მაშინ დავუპირისპირდი, როცა სოლოლაკი გათხარა. მან წმინდა მიწას დასცა ნიჩაბი. იმ მიწას, რომელსაც ბაგრატიონებიც კი არ ეხებოდნენ. იქაურობას ხელს არც დამპყრობლები კიდებდნენ. ამან იქ 5 სართულიანი ბუნკერი შიგ მთაში გააკეთა. მაშინ ამოვიღე ხმა და მას შემდეგ ივანიშვილთან დაპირისპირება არ შემიწყვეტია.
_ გამოდის, რომ უკვე 20 წელია, რაც თქვენ შორის დაპირისპირებაა, საიუბილეო თარიღია.
_ 20 წლის წინ მე ამოვიღე ხმა, თორემ ის ბევრად ადრე დამიპირისპირდა _ ჩემ წინააღმდეგ შევარდნაძეს და ჟვანიას ჩუმად აფინანსებდა. აფინანსებდა, რათა ლეიბორისტების წინააღმდეგ არჩევნების გაყალბება მომხდარიყო.
ისევ იმ განცხადებას დავუბრუნდები, რომელიც თავში შემახსენეთ. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, დღემდე ძალიან განვიცდი, რომ წლების წინ ასეთი რამე ვთქვი. ამის გამო ბოდიშს ვიხდი საზოგადოების წინაშე.
მაშინვე ვიცოდი, რა ღვთის პირიდან გადავარდნილიც იყო ეს ადამიანი, მაგრამ მომიწია ამ განცხადების გაკეთება და ბარემ გეტყვით, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი.
2007 წლისთვის პარტიაში საპატრიარქოდან ძალიან ცნობილი ქალბატონი შემოგვიგზავნეს.
_ საპატრიარქოდან შემოგიგზავნეს?
_ დიახ. სხვათა შორის, საპატრიარქოც ისევე აგზავნის პარტიებში ინფორმატორებს, როგორც უშიშროება. ჩვენც მოგვიგზავნეს ეს ცნობილი ქალბატონი, რომელიც პარტიის ხელმძღვანელობაში შედიოდა. მან ერთ დღეს პარტიის პოლიტკომიტეტის სხდომაზე დააყენა საკითხი, მოდი, ხალხს ვუთხრათ, თუ შალვას პრეზიდენტად აირჩევთ, პრემიერად ივანიშვილს დავასახელებთო. ამას დაეთანხმა პოლიტკომიტეტიც, რომლის წევრთა ნაწილი მალევე მიეყიდა ბიძინას.
და რაკი ამ წინადადებას პოლიტკომიტეტმა მხარი დაუჭირა, მეც დავთანხმდი _ პარტიის თავმჯდომარე ვარ, დიქტატორი ხომ არა. გამოვაცხადე ის, რაც პოლიტკომიტეტმა გადაწყვიტა. საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ამის გამო.
_ მოდით, ბოდიშებში გახარიას ნუ შევეცილებით, მაგას უყვარს მობოდიშება და ივანიშვილის ბოლო განცხადებებზეც ვისაუბროთ.
_ ბოდიშსაც გააჩნია. გახარია ბოდიშს იხდის იმისთვის, რომ მერე რაღაც დააშავოს, თან ისე დააშავოს, რომ მას ბოდიშიც კი აღარ შველის. ბოდიშს რომ მოიხდი, მაშინ უნდა ეცადო, რომ ან იგივე არ ჩაიდინო, ანდა უარესი.
_ “ოცნების” ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაციონალების გარდა ყველასთან ითანამშრომლებს. საინტერესოა, შედიხართ თუ არა ამ ყველაში თქვენ? 2011 წელს პოლიტიკაში რომ გამოჩნდა, პირველი განცხადება რაც გააკეთა, იყო ის, რომ შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტები არ დამანახოთო.
_ იძახდა, ლეიბორისტები ნაცებზე უარესები არიანო. მერე თქვა, ეს პარტია უნდა დაიშალოსო, მერე შალვას გარდა, ყველა ლიდერს შევხვდებიო. ყველა მაშინდელი ნაძირალა, ლიდერად წოდებული სუბიექტი, ფიზიკურად იყიდა და დღემდე მონებად ჰყავს. ისინიც ყველა იმ სიბინძურეს ამბობენ, რასაც ოლიგარქი უკვეთავს.
ჩვენი და ივანიშვილის კოალიცია არის ათასწლეულის ზღაპარი. რომელ კოალიციის შექმნაზე მელაპარაკება, როცა ის ახლა ციხეში უნდა იჯდეს და ჩვენებებს იძლეოდეს.
ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ ივანიშვილის საქმეზე გამოძიებასთან. ვითანამშრომლებთ, რათა გავიგოთ, სად წავიდა ქვეყნის სიმდიდრე. უნდა გავიგოთ, თუ რატომ მოუტანა ამდენი ვნება ჩვენს ხალხს. აგვიხსნას, რატომ ამოთხარა თვალები ახალგაზრდებს, რატომ გაიტანა ეროვნული სიმდიდრე, რატომ ააფეთქა საყდრისი, რატომ გაჩეხა ტყეები, რატომ შემოგვისია რუსები.
მას ნიურნბერგის მსგავსი პროცესი უნდა მოვუწყოთ. ივანიშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თავის დროზე ფაშისტებსაც რომ არ ჩაუდენიათ.
გამოძიებასთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, ივანიშვილის პარტიასთან კი ეს გამორიცხულია.
_ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თუ აპირებთ ალიანსში შესვლას?
_ ქართველი ხალხის გონი უკვე მივიდა იქამდე, რომ ჩვენ უნდა აგვირჩიოს. ქვეყნის საშველი მხოლოდ ეს არის. აგვირჩიონ და მერე ჩვენ დავაკომპლექტებთ კოალიციურ მთავრობას _ ოპოზიციური პარტიებიდან ამოვარჩევთ პროფესიონალებს. ჩავაბარებთ შესაბამის დარგებს, მაგრამ მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ ბიუჯეტისკენ ხელი არავის გაექცეს. მათი საზრუნავი იქნება ხალხი და არა _ საკუთარი ოჯახის პრობლემებით დამძიმებული სამყარო.
ლეიბორისტები მხოლოდ ასე დავთანხმდებით კოალიციურ მთავრობას. ვიღაცის უპირატესობა რომ ვაღიაროთ და სხვა პრემიერის დაქვემდებარებაში შევიდეთ კოალიციურ მთავრობაში, ეს არარეალურია.
_ რატომ არის არარეალური?
_ ჩვენ სხვის დაქვემდებარებაში კოალიციაში არასდროს შევალთ. ამაზე გვეხვეწებოდა შევარდნაძე, სააკაშვილი და ივანიშვილიც კი.
_ აბა მაგათთან არ ვითანამშრომლებო?
_ ეგ თავიდან, თორემ მერე სხვა ხასიათებზე იყო და გვეხვეწებოდა. ასე რომ, სხვის კოალიციაში ჩვენი შესვლა გამორიცხულია.
_ ოპოზიციასთან არც თანამშრომლობას აპირებთ?
_ როგორ არა. ჩვენ მთელ რიგ საკითხებზე ისედაც ვთანამშრომლობთ. აქციებზეც მათთან ერთად ვართ, 20 ივნისის ღამესაც ოპოზიციასთან ერთად ვიყავით.
ოპოზიციასთან ერთად დავიცავთ საარჩევნო ხმებსაც. ივანიშვილი არჩევნების გაყალბებას კიდევ ერთხელ თუ გაბედავს, რევოლუცია გარდაუვალი იქნება. პირადად მე ხალხს ვეღარ გავაჩერებ. ისე აღარ გავირჯები, როგორც ეს 20 ივნისს გავაკეთე. სხვათა შორის, ტაქსისტებიც ძლივს გავაჩერე. ეს აპრილის თვეში მოხდა, როცა მათთან ერთად ოლიგარქის სასახლეს მივადექით.
აპრილის თვეში დავრწმუნდი, რომ მისი საქმე ცუდად იქნებოდა. მე რომ არ გამეჩერებინა მაშინ ხალხი, შეიძლება მისი ნარჩენები გვეპოვა ბოტანიკურ ბაღში.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკვე დამთავრებულია და არა მგონია, არჩევნების გაყალბებაზე წავიდეს, მაგრამ ისიც იცოდეთ, რომ შხამიანი გველის მოჭრილი თავიც იკბინება. ეს ხომ აფრიკული შავი მამბაა, რომელსაც ყველა გველზე საშინელი შხამი აქვს.
_ თქვენ ამბობთ, რომ ის არჩევნების გაყალბებას ვეღარ გაბედავს და უკვე დამთავრებულია. თუმცა თავად ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს ისევ უმრავლესობით მოვიდეს.
_ იმ პარლამენტში თუ მისი დამსხვრეული ოცნება შევიდა, თუ იქ მოხვდა რუსეთის ეფესბეს ჯგუფი, რომელსაც პატრიოტთა ალიანსი ჰქვია სახელად, თუ იქ შევიდა ხაზარაძის ბანკირ ყაჩაღთა ჯგუფი, თუ იქ შევიდნენ მრეწველები, ამ შემთხვევაში ივანიშვილი შექმნის კოალიციას.
არჩევნების დროს ხალხს მოუწევს ძალიან ღრმა ფიქრი იმის თაობაზე, რომ ვინ სახავს თავს ოპოზიციონერად და სინამდვილეში ივანიშვილის მონაა.
_ ხაზარაძე ახსენეთ და ისე ჩანდა, რომ ეგ ივანიშვილთან დაპირისპირებული იყო. ამ უკანასკნელმა ბანკირის პოლიტიკაში შემოსვლას ტაში დაუკრა და თქვა, რომ მიესალმება მის გადაწყვეტილებას.
_ არანაირი დაპირისპირება მათ შორის არ არის. მათ მილიარდები აკავშირებთ და ერთმანეთზე უარესები არიან. 21-ე საუკუნის ბოროტების რეიტინგი რომ შეადგინოთ ოლიგარქიული ასპექტით, პირველი ადგილი უკავია ივანიშვილის და მეორეზეა ხაზარაძე.
ეს კაცი როგორ ბედავს ხმის ამოღებას. ასეულობით ათასი ადამიანი გამოასახლა საკუთარი სახლებიდან, საზღვარგარეთ გააქცია, თავი მოაკვლევინა. ისეთი საქმეები აქვს ჩადენილი, ქუჩაში გამოსვლას ვერ უნდა ბედავდეს, მაგან კიდევ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ეგღა მაკლია, მაგან დამიწყოს პოლიტიკოსობა.
არ ვიცი რამდენად მოვალ უმრავლესობით პარლამენტში, მაგრამ პირობას ვდებ, რომ ოლიგარქების პოლიტიკაში ყოფნის ხანას დავამთავრებ.
დღეს რომ პოლიტიკა ოლიგარქების ხელში ჩავარდა, ამაში პოლიტიკოსები ვართ დამნაშავე. პოლიტიკურ ველზე ადგილი გათავისუფლდა და ეგენიც შემოვარდნენ. არის ასეთი გამოთქმა _ წმინდა ადგილი ცარიელი დიდხანს არ რჩებაო. პოლიტიკა რამდენად წმინდა ადგილია, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ცარიელი ადგილი ოლიგარქებმა დაიკავეს.
საქართველოს უბედურება იცით, რის მერე დაიწყო, როცა ფულის წუწკმა შევარდნაძემ რუსეთის დავალებით საქართველოში ორ ოლიგარქს _ ივანიშვილს და პატარკაციშვილს _ მისცა თავშესაფარი. აი, მაშინ დაიწყო ქართული პოლიტიკის გათახსირება. მათ იყიდეს პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ექსპერტები. პუბლიცისტები, არტისტები.
პიროვნულად ბადრი ივანიშვილზე ბევრად მაღალ პარამეტრებზე იყო, მაგრამ ცხონებული ოლიგარქი იყო მაინც. ოლიგარქის ბუნება იცით როგორია, ვისაც გადაუხდის, ათმაგად უნდა ამოიღოს უკან.
_ არადა ჩვენში ოლიგარქებს რატომღაც ქველმოქმედებს უწოდებენ.
_ ოლიგარქი ქველმოქმედი ვერ იქნება. ქველმოქმედები გაცემულს უკან არ იბრუნებენ. ოლიგარქები კი ათმაგის ამოღებას ცდილობენ. ტყუილად კი არ ამბობდა რუზველტი, წარმატებული ბიზნესმენი ვერასდროს გახდება კარგი სახელმწიფო მოღვაწე, რადგან ის ფიქრობს საკუთარ ჯიბეზე და არა ხალხზე.
ეს ამერიკული პრაქტიკაა. ეს ქვეყანა მაშინ აყვავდა, როცა პოლიტიკაზე ფინანსური კონტროლი მოიცილა.
_ კი დადეთ პირობა, პოლიტიკაში ოლიგარქიას დავასრულებო, მაგრამ ასეთი იოლი იქნება ამის გაკეთება? თანაც ახალი ფიგურაც გამოვიდა ასპარეზზე ხაზარაძის სახით.
_ ხაზარაძეს მე ვაჩვენებ სეირს. არაფრით არ შეიძლება ანაკლიის პორტი იყოს მისი. ეს იგივეა, რომ პორტი ივანიშვილს მისცე ან რუსებს. ამ პერსონის კავშირები რუსეთთან ცნობილზე ცნობილია. სწორედ ხაზარაძის მეშვეობით დარჩათ `ბორჯომი~ რუსებს.
რომელი პროდასავლურობის მედროშე ეგ მყავს, კაცს ორი წიგნი ერთად არ წაუკითხავს, ის სტეპის ყაჩაღი გახლავთ. სრულებით ამართლებს გვარს. მართალია, ხაზარებმა რამდენჯერმე ილაშქრეს საქართველოში, მაგრამ მათ იმდენი ვნება არ მოუტანიათ, რამდენიც ხაზარაძეს. ისინი ილაშქრებდნენ და წავიდოდნენ, ეს 30 წელია, თითოეულ ოჯახზე ლაშქრობს.
ისევ ანაკლიაზე ვიტყვი. როგორ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტი კერძო პირის ხელში იყოს. ეს არის პუნქტი, სადაც შეიძლება ნატოს ატომური წყალქვეშა ნავები შემოვიდეს. ამიტომაც არის რუსეთი ასეთი გაგიჟებული. ანაკლია უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრება. იქედან შემოსული თანხებიც ბიუჯეტში უნდა შევიდეს და არა _ ხაზარაძის, ანდა ბადრი ჯაფარიძის ჯიბეში.
ეს უკანასკნელი, როგორც გავიგე, ზვიადის დროს მაჟორიტარი ყოფილა. `მრგვალი მაგიდიდან~ მოხვდა პარლამენტში. კაცი `მრგვალ მაგიდაში~ იყო და გადატრიალების შემდეგ მაფიოზი გახდა. ამაზე მეტი რა უნდა ვთქვა, ყველაფერი ნათელია. ზვიადის თანამებრძოლი თუ იყო, მასთან ერთად ტყეში რატომ არ მოკვდა. პრეზიდენტს უღალატა და ხაზარაძესთან ერთად შეუდგა ქვეყნის გაუბედურებას.
_ ბოლო დროს რამდენჯერმე იყავით ამერიკაში. ერთ-ერთი ვიზიტისას გვითხარით, რომ კონგრესში ივანიშვილის ანგარიშების გაყინვაზე დოკუმენტი მოამზადეს. რა ხდება ამ მიმართულებით, კიდევ დღის წესრიგშია ეს საკითხი?
_ რა თქმა უნდა. ისევ დღის წესრიგშია. რამდენიმე დოკუმენტი მომზადებულია და თუ ივანიშვილი არჩევნების გაყალბებას გაბედავს, მას ანგარიშებს დაუყადაღებენ.
ჩემი აზრით, ახლავე უნდა მოხდეს მისი ქონების დაყადაღება და ის სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს. საყდრისი რომ ააფეთქა და იქედან მილიარდების ოქრო გაიტანა, ამას უკან დაბრუნება უნდა.
ჩვენ რომ არ გვებრძოლა, დღეს ქვემო ქართლისგან არაფერი იქნებოდა დარჩენილი. გახსოვთ ალბათ, თეთრიწყაროში მილიონობით მოჭრილი ხე რომ ვიპოვეთ. იქაურობის გადათხრა უნდოდა, მაგრამ ჩვენ რომ ავტეხეთ ხმაური, ვეღარ გაბედა. ჩვენ რომ არა, მთელ ქვემო ქართლს გადაფხეკდა.

 

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ყოველთვის ყველამ იცოდა, რომ „რუსთავი 2“ ირაკლი ოქრუაშვილის იყო
შემდეგი სტატიაკახა კუკავა: გახარიას უფლება არ აქვს ახლა გადადგეს, არც ქვეყანას აქვს იმის ფუფუნება, რომ „ნაციონალების“ წინაშე ვინმემ კაპიტულაცია გამოაცხადოს