შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილმა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა აგოს პასუხი, ჰააგაში

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს არჩევანის ეთერის საშუალებით მიმართა.

შალვა ნათელაშვილმა გასული ოთხი წელი შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ბოლო წლები შეუფასებელია „სიბნელით, ოცნებების მსხვრევით, ადამიანების გაწირვით, გულქვაობით და სიცრუით“. მისი თქმით, “ეს ყველაფერი მოდიოდა, სამწუხაროდ, დიდი ნდობით არჩეული ხელისუფლებისგან”.

მთავარი ლეიბორისტის განცხადებით, ხვალ უნდა შეიცვალოს არამარტო 4-წლიანი ეპოქა, არამედ ორი ათეული წელი.

„ამ ეპოქას ქმნიდნენ და აქანდაკებდნენ ერთი და იგივე პოლიტიკური ძალები, იცვლებოდა დეკორაციები, ნიღბები, არ იცვლებოდა არხის, რომელიც გათვლილი იყო მოსახლეობის 3 პროცენტის ბატონობაზე 97 პროცენტის მიმართ, მთელი ეროვნული სიმდიდრის მითვისებაზე ამ სამი პროცენტის ოჯახებში,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

მას მიაჩნია, რომ მოსახლეობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას და მაქსიმალური უპირატესობით აირჩევს ლეიბორისტულ პარტიას.

შალვა ნათელაშვილი ყველას მოუწოდებს, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე.

„ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ ეს სისტემა, მაგრამ ამისთვის უნდა გვქონდეს დეპუტატების დიდი რაოდენობა ხმების პარლამენტში, რათა დავანგრიოთ არსებული საბანკო დიქტატურა, ბინიდან აღარ დავუშვათ გამოსახლება, 40 ათასი სტუდენტი დავაბრუნოთ სასწავლებელში, ჯანმრთელობის დაცვა გავხადოთ მართლა ბიუჯეტიდან დაფინანსებული, პენსიონერებს მე-13 პენსია დავუკანონოთ და საპენსიო ასაკი ჩამოვწიოთ და ოლიგარქიული სისტემა მოვიცილოთ,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ასევე მიმართავს მოსახლეობას, კენჭისყრის დასრულების შემდეგ მშვიდობიანად შეიკრიბონ საარჩევნო უბნებთან, რათა, მისი თქმით, არ მოხდეს არჩევნების შედეგების გაყალბება.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა პასუხი უნდა აგონ დანაშაულზე და შეუსრულებელ დაპირებებზე.

„ივანიშვილმა ხვალ პასუხი უნდა აგოს არამარტო პოლიტიკურად, როცა მას აღარ ავირჩევთ და მისი ეპოქა დასრულდება, საყდრისის აფეთქებისათვის, ეროვნული სიმდიდრის მითვისებისათვის, ბათუმის, ფოთის პორტების, ნავთობ ბიზნესის ხელში ჩაგდებისათვის, მილიონების შოვნისათვის, არამედ საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა აგოს პასუხი, ჰააგაში,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

მან პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ჰააგის ტრიბუნალში ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელს, რომელსაც, მისივე თქმით, ბოლომდე მიიყვანს.

banner
წინა სტატიაში“გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ჩატარებული ჩხრეკისას სამართლდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს”
შემდეგი სტატიადიდი ხეივნის ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში ჩხრეკა გრძელდება