შალვა ნათელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი შესულია საქართველოს ისტორიაში სერგო ორჯონიკიძის და სხვა მოღალატეთა გვერდით

ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე დამჭირდებოდა მოსვლა მოწინააღმდეგე პარტიის ოფისში და მით უფრო, მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების დაგმობა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ერთპარტიული პარლამენტი დღეიდან გადაიქცა ინკვიზიციურ პარლამენტად“.

„ეს შეძლო ერთადერთმა კაცმა სამყაროში, მისი სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი და ეს სახელი და გვარი უკვე შესულია საქართველოს ისტორიაში სერგო ორჯონიკიძის და სხვა მოღალატეთა გვერდით. ერთპარტიული პარლამენტი დღეიდან გადაიქცა ინკვიზიციურ პარლამენტად. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ რეჟიმი გავუშვათ მშვიდობიანად, მაქსიმალურად ხავერდოვანი მეთოდებით, ამისათვის ყველაფერს ვაკეთებდით განვლილ პერიოდში, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ასე გაერთიანებული ოპოზიცია. საერთო მიზანმა შეგვკრიბა, რომ ოკუპანტების მიერ დასმული რეჟიმი მოვაცილოთ ქვეყანას და მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ ჩვენს ხალხს, თუნდაც მოწინააღმდეგეებს, რომ მათ ერთი თმა არ ჩამოუვარდეთ, რაც სხვათა შორის ვერ გაითვალისწინა ბატონმა ტრამპმა, როდესაც თავისი მომხრეები დაძრა კაპიტოლიუმზე და ხუთი კაცი მოკლეს. ჩვენ ხომ არ გაგვიკეთებია ამდაგვარი რამ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსები და ოპოზიციონერები 20 ივნისს ხალხის მიერ სპონტანურად გამართულ აქციაზე მივიდნენ.

„მისი ორგანიზება პატრიოტმა სულმა გააკეთა, რომელიც ჩვენს ხალხშია დასაბამიდან დავანებული. ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი ეს ვერდიქტებია ნიშანია, რომ თუ არ იქნა მაგარი პასუხი ოპოზიციისგან და ხალხისგან ყბაში ხელისუფლების მიმართ, საქართველოს ისტორიას ისინი დაამთავრებენ. მე ვეუბნები, რომ საქართველოს ისტორიას ვერ დაამთავრებენ და ჩვენ მათ დავამთავრებთ. ჩვენ გადავეფარებით ნიკა მელიას, რადგან ხელისუფლება არის არალეგიტიმური და დაკომპლექტებულია ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვით, პირადი სტომატოლოგით, პირადი მზარეულით, პირადი ბანკირით, პირადი დამლაგებლით, მე ყველა ამ პროფესიას პატივს ვცემ, მაგრამ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, უზურპირებული და ოკუპანტის მიერ დანიშნული, ის ხელისუფლება არ არის“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ჩვენი ამოცანა არ არის, რომ რაც შეიძლება კატასტროფული რამე ჩაიდინონ და მერე საბედისწერო რამ მოუვიდეთ იმათ, ვინც ამ სამარცხვინო რამეს ჩადის
შემდეგი სტატიანიკა მელია: ჩიგოგიძემ გუშინ 7-ჯერ დამირეკა, მითხრა ღილაკს ხელს არ მივაჭერო