შალვა ნათელაშვილი: არავითარი ფულები ჩვენთვის არ გამოუგზავნია არც მიშას და არც ბიძინას

“ჩვენ, საბიუჯეტო თანხა, რომელიც მოგვეცა რეკლამისათვის, ტელევიზიებში გადავანაწილეთ მაქსიმალურად სამართლიანი და რეიტინგული პარამეტრებით, – ამ განცხადებით გამოეხმაურა “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოსო შატბერაშვილის ბრალდებას, რომელიც ნათელაშვილი მხრიდან „რუსთავი 2“-სთვის 100 ათასი ლარის გადარიცხვას ეხება.

ნათელაშვილის თქმით, ბიუჯეტიდან სარეკლამოდ გამოყოფილი თანხა, პარტიამ ტელევიზიების რეიტინგის მიხედვით გადაანაწილა.

“არავითარი ფულები ჩვენთვის არ გამოუგზავნია არც მიშას და არც ბიძინას. ეს არის ბიუჯეტიდან პარტიებისათვის გამოყოფილი თანხა, რომელიც არც დაგვინახავს ახლოდან, უბრალოდ წერილებით გადავანაწილეთ ტელევიზიებზე როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში. ზოგს შეხვდა მეტი გამომდინარე ამ ტელევიზიის განცვრობადობიდან და რეიტინგიდან, ზოგს შეხვდა საშუალო, ზოგს შეხვდა სამწუხაროდ ნაკლები, იმიტომ, რომ თანხა იყო ძალიან მცირე იმისათვის, რასაც რეკლამა ქვია, რადგან ივანიშვილის მთავრობა ჩვენთვის არანაირ თანხას იმდენს არ გამოყოფს, რომ ვასიამოვნოთ ყველა ჩვენი მეგობარი ტელევიზია. რაც შეეხება უბინძურეს ჭორებს, რა თქმა უნდა ამაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე.

დღეს, „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა შალვა ნათელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა დიდი ქონება „ბინძური გარიგებებით“ დააგროვა.

banner
წინა სტატიაშისომხეთის პრემიერად “გაზპრომის” ყოფილი ტოპ-მენეჯერი დაინიშნა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ არ შეცვლილა, „ოცნებამ“ და ივანიშვილმა გაუხვიეს სხვაგან