შალვა ნათელაშვილი – არ მოვაწერთ ხელს დოკუმენტს, თუ ნიკა მელია ციხეში იქნება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების მთავარი თემა უნდა იყოს ახალი არჩევნები, თუმცა ამაზე მსჯელობა უნდა დიწყოს მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება.

ნათელაშვილის თქმით, „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას განხილვაც არ სჭირდება“ და ოპოზიციური ლიდერი, ნიკა მელია მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ თუ ნიკა მელი არ გათავისუფლდება, ახალი არჩევნები რომც დაინიშნოს, არავითარ დოკუმენტზე ხელს არ მოაწერენ.

„სამყაროში არაფერი იკეტება, მაგრამ მოლაპარაკების მთავარი თემა ახალი არჩევნები უნდა იყოს. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას განხილვაც არ უნდა, ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიას გარეშე ოპოზიციურ მაგიდასთან რა განვიხილო, როცა ის ციხეშია, მას რა უნდა ან მე ვიცი, ან დანიელსონმა იცის, ან ბიძინამ? შეიძლება, კაცს თავში აზრად მოუვიდა და ამბობს, აღარ მინდა ახალი არჩევნებიო, ვიცი ეგ აზრი მე? შეიძლება, არ იჯდეს მომლაპარაკებელი მხარე მომლაპარაკებელთან და მიდიოდეს მოლაპარაკება? ასეთი რამ კაცობრიობას არ ახსოვს, ამიტომ, ჩვენ ამ ანეკდოტური ვითარებიდან უნდა გამოვიდეთ, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს და შემდეგ დავიწყოთ მსჯელობა. თუ არ გათავისუფლდება, არავითარ დოკუმენტზე ხელი არ იქნება მოწერილი, ხვალვე რომ დაგვინიშნონ ახალი არჩევნები, მაინც არ მოვაწერთ, თუ ის ციხეში იქნება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, ნათელაშვილის შეფასებით, განცხადება დიპლომატიური ფრაზეოლოგიითაა გაჯერებული.

„საერთაშორისო ეტიკეტის მიხედვით, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ იქ ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება, აბა, ოპოზიციას გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და როგორ შეიძლება, პასუხისმგებლობა თანაბარი იყოს. ამიტომ, რადგან პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება, კეთილი ინებონ და ახალი არჩევნების თარიღი გამოაქვეყნონ, ეს მათი პასუხისმგებლობის რეალიზაცია იქნება“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

გარდა ამისა, ნათელაშვილის თქმით, ვიდრე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით სანქციებზე არ იქნება საუბარი, ის ახალ არჩევნებს არ დათანხმდება.

„ძნელია იმის თქმა, მოლაპარაკებებზე ვინ რას შეძლებს, მაგრამ ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პირადად არ იგრძნობს სანქციების სუსხს და არ მიხვდება, რომ შეიძლება, მისი ნაგროვები მილიონიანი ქონება დაიკარგოს იმის გამო, რასაც აკეთებს, ახალ არჩევნებზე არ წავა, ეს უნდა გაიგოს ქვეყანამ და დასავლეთელმა მოკავშირეებმა, მათ შორის მოლაპარაკებების მონაწილეებმა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა
შემდეგი სტატია„ვიზეარი“ საქართველოს ბაზარზე ფრენებს 18 აპრილიდან ანახლებს