შალვა ხუციშვილი: ყველა ქვეყანაში, სადაც პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გამოიყენება სპეცრაზმი

მარნეულში დღეს მოხდა იმ პირების დაკავება, რომლებიც ჩვენს მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებებით, ვიდეო ჩანაწერების საფუძველზე დადგინდნენ, როგორც დანაშაულში მონაწილეები, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულების ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია დაკავების შესახებ, არასწორია, რადგან კანონის შესაბამისად 4 საათიან ვადაში იქნა ოჯახი გაფრთხილებული ამ პირთა ადგილსამყოფელის შესახებ.

“რაც შეეხება ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც საუბრობდა, რომ დაზიანება მიიღო პოლიციელის იარაღიდან, სავარაუდოდ ეს ადამიანი არის ის, რომელმაც პოლიციას გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა და თავს დაესხა პოლიციელებს, რაც შეეხება დაკავების დროს თანხის წაღებას ეს არის სამარცხვინო ტყუილი,რადგან ასეთი ფაქტი გამორიცხულია, ადგილზე იყო ძალიან ბევრი პოლიციელი და ყველა მოქმედებდა კანონის ფარგლებში, ამ ტიპის კომენტარებით ხდება ამ ფაქტის პოლიტიკური ან ზედმეტად დრამატული ელფერის მიცემა, რაც გამორიცხულია”,-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შალვა ხუციშვილის განცხადებით, შსს პასუხს აგებინებს ყველა კანონის დამრღვევს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა.

„ჩვენ არ ვუყურებთ ვინ რომელ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, მთავარია რომ ვინც კანონი დაარღვია ყველამ პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ეს ხალხი დავაკავეთ მას შემდეგ რაც გაირკვა პარტიის ვინაობა,რომელმაც გაიმარჯვა არჩევნებში და მას შემდეგ რაც მოვიპოვეთ უტყუარი ინფორმაციები,ჩვენ არ დავაკავებდით ამ ადამიანებს მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე რადგან ეს შეფასდებოდა პოლიტიკური ნიშნით, ანუ დაკავება განხორციელდა ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მინიმალურად შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული პოლიტიკასთან. სპეცრაზმი გამოყენებული იყო იმიტომ, რომ ყიზილაჯლოში ჩვენ გვქონდა რისკი პოლიციელების სიცოცხლესთან დაკავშირებით. ერთ-ერთი დაკავებული თავს დაესხა სპეცრაზმელებს. ყველა ქვეყანაში, სადაც პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გამოიყენება სპეციალური დანიშნულების რაზმი და ვინც მათ წინააღმდეგობას გაუწევს,ის მიიღებს იმას, რაც მიიღეს”,- აღნიშნა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) ირმა ინაშვილი: ისე, შავი ქამარიც მაქვს კარატეში, თქვენ, მართლა, ხომ არ გაჟრიალებთ?!
შემდეგი სტატიათამარ კეკენაძე: ირაკლი ალასანია პარტიის თავმჯდომარედ რჩება და მან დროებითი პაუზა აიღო