პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა შალვა კერესელიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები გააკრიტიკა. კანონპროექტი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მოვლა-შენახვის პასუხისმგებლობის კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის გადაცემას ითვალისწინებს. კერესელიძემ უწყებაში არსებულ კორუფციულ რისკებზე ისაუბრა და კოლეგებს მოუწოდა, პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა შეაჩერონ.
შალვა კერესელიძემ გაიხსენა 2006 წელს შექმნილი შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წელს სწორედ კორუფციის მოტივით გააუქმა. მისი თქმით, ახალი ინიციატივა გონივრულ ეჭვებს აჩენს:
„ეს კომპანია ძალიან ხშირ შემთხვევებში კორუფციულად გამოიყენებოდა. ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირ ენიჭებოდათ გამარტივებული შესყიდვები. 2016 წელს ხელისუფლებამ ის დახურა, იმიტომ, რომ შეფასდა, როგორც კორუფციის ბუდე.“
“2026 წელს „ოცნების“ ხელისუფლება კვლავ ითხოვს მსგავსი პირის შექმნას. ხომ არ არის ეს საწყისი ეტაპი დიადი მიზნის მისაღწევად, რომელსაც ცოტა ხანში მოვლა-შენახვასთან ერთად დაემატება გზების მშენებლობა, ტენდერების გარეშე შესყიდვები და ბოლოს გადაიქცევა შეუვალ კორუფციის მონოლითურ სათბურად?“
დეპუტატმა ინფრასტრუქტურის სამინისტრო პირდაპირ დაადანაშაულა უკანონო მშენებლობების მფარველობასა და ფულის უკანონო აღებ-მიცემობაში:
„წამობრძანდით, წავიდეთ და განახებთ, რა ხდება საქართველოს სამხედრო გზაზე, განსაკუთრებით მისაქციელი-ნატახტრის მონაკვეთზე. საერთაშორისო მნიშვნელობის გზისპირზე მსხვილი ობიექტების მშენებლობა ისე მიმდინარეობს, ვითომ ვერავინ ხედავს. რა არის ეს, თუ არა კორუფცია და ნეპოტიზმი? თქვენს უწყებაში ფული იკრიფება ნებართვებში, ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში.“
ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმრავლესობას მოუწოდა, კანონპროექტის დაჩქარებული განხილვის ნაცვლად, მისი რეალური უარყოფითი მხარეები შეაფასონ:
„მოგიწოდებთ, მოხდეს კანონპროექტთან დაკავშირებული უარყოფითი მხარეების და კორუფციული რისკების შეფასება, რათა საბოლოო შედეგად არ მიიღოთ წარმონაქმნი, რომლის მთავარი ფუნქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული კორუფციული ფულის გათეთრება იქნება.“


















