შახტების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას სახალხო დამცველი დადებითად აფასებს

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა ექვსი ადამიანი. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კონკრეტულად ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, 15 ადამიანი გარდაიცვალა (2016 წლის ოქტომბერში – 1, 2017 წლის მაისში – 4, 2018 წლის აპრილში – 6 და 2018 წლის 16 ივლისს – 4 ადამიანი). გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებზე.

ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, აღნიშნულის გათვალისწინებით სახალხო დამცველი მიესალმება პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ტყიბულის შახტები დაიხურება გამოძიებისა და მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასრულებამდე. მიმდინარე წლის აპრილში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სწორედ კომპლექსური აუდიტის შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო, ტყიბულის შახტები გააგრძელებდა ოპერირებას თუ დაიხურებოდა. დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მთავრობას უნდა ეზრუნა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე და დასაქმების ალტერნატიული წყაროების შექმნაზე. თუმცა, სხდომიდან სამი თვის გასვლის შემდეგაც ამ მიმართულებით რაიმე ხელშესახები შედეგები ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

ამასთანავე, პოზიტიურ აღნიშვნას იმსახურებს პრემიერ-მინისტრის განცხადების ის ნაწილი, რომელიც შახტების შეჩერების განმავლობაში დასაქმებულებისათვის ხელფასის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

სახალხო დამცველს არაერთხელ აღუნიშნავს შრომის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებების სისტემური ხარვეზები და ნაკლოვანებები. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საქმეებზე გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად, დროულად და სრულყოფილად და ყველა პასუხისმგებელი პირის მიმართ გატარდეს შესაბამისი ზომა, რათა სამომავლოდ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი შრომის უსაფრთხოების დარღვევა და სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების დაღუპვა და მათი ჯანმრთელობის დაზიანება.

სახალხო დამცველი წინამდებარე საქმეზე თვალს მიადევნებს როგორც გამოძიების მიმდინარეობას, ასევე საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის პროცესს”- ნათქვამიაგანცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფე გრიგოლი შეხვდება
შემდეგი სტატია18-19 ივლისს თბილისის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება