შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი პრემიერს ღია წერილით მიმართავს

ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე ღია წერილს აქვეყნებს და პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს.
როგორც დავითაძე აცხადებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დღეს გამართულ საბჭოს სხდომაზე, სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც თურქულენოვანი კლასებიდან ექვსი არაქართველი მოსწავლის ქართულ კლასებში გადაყვანა დაედო საფუძვლად. დავითაძე მიიჩნევს, რომ სკოლა სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დაიხურა.
„იძულებული ვართ, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ უკანონობაზე, რომელიც ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ ხორციელდება, რომელიც 23 წელია ფუნქციონირებს და დღეისთვის მასში 340 მოსწავლე სწავლობს.
2017 წლის 3 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. ავტორიზაციის შეჩერებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ექვსი არაქართველი მოსწავლე თურქულენოვანი კლასებიდან გადაყვანილ იქნა ქართულ კლასებში, მაშინ, როდესაც ამგვარი კანონი ან რეგულაცია სექტორის ცვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს, ხოლო თურქული სექტორის გაუქმება და მოსწავლეების ქართულ სექტორზე გადაყვანა სწორედ ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა.


ცალკე უნდა აღინიშნოს წინასწარ დაუგეგმავი მონიტორინგის პროცესი, რომელიც სკოლაში ბოლო თვეების განმავლობაში, რატომღაც მესამედ განხორცილდა. ხელოვნურად შექმნილი და არარსებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ეჭვს გამოვთქვათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია მხოლოდ, რათა შეიზღუდოს და აიკრძალოს შაჰინის სკოლის მუშაობა საქართველოში.
მოგმართავთ თხოვნით, თქვენს პირად კონტროლზე აიყვანოთ და დაიცვათ სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები. არავის მისცეთ უფლება, უკანონოდ დახუროს სკოლა, რომელიც უკვე მრავალი წელია ქვეყნის სამსახურშია და არ შეიზღუდოს სკოლის მუშაობა, სადაც საქართველოს ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან“, – აღნიშნულია ღია წერილში.
მიმართვის ტექსტი განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას გარდა, სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილსაც გადაეგზავნა.

banner
წინა სტატიაში“უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება”-ნარმანიას განცხადებით, მოვაჭრეებს შენობაში არ შეუშებენ
შემდეგი სტატიაSpiegel-ის ყდაზე გამოტანილმა ტრამპმა, რომელსაც თავისუფლების ქანდაკების თავი უჭირავს, სკანდალი გამოიწვია