“მადლობელი ვარ ევროატლანტიკური მომავლისადმი მისი მტკიცე ერთგულებისთვის” – ამის შესახებ სენატორი, ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ათონელის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ პლატფორმა “X”-ზე წერს.
ამერიკელი პოლიტიკოსი მადლიერებას გამოხატავს ქართველი ხალხის დაუოკებელი სურვილისთვის, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრი.
სიამოვნებით დავიწყე ჩემი ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრით.
მადლობელი ვარ ევროატლანტიკური მომავლისადმი მისი მტკიცე ერთგულებისთვის – ამბიცია, რომელსაც იზიარებს ქართველი ხალხის უმრავლესობა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ამერიკელ პოლიტიკოსებს შეხვედრა, თავდაპირველად, საქართველოს პრეზიდენტთან ჰქონდათ, რის შემდეგაც პრემიერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მათი შეხვედრა გადაიდო.
მთავრობის ადმინისტრაციიდან მედიას ეუბნებიან, რომ სენატორმა დაიგვიანა, გვიან კი მთავრობის მეთაურს არ სცალია. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი ხალხის დაცვის აქტის ავტორი კანცელარიაში ხვალ მივა, საათი კი უცნობია.
ამასთან, ბაიდენის გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას, სავარაუდოდ, ხვალ გამართავენ.