შეხვედრა სადაც სიკვდილის რიგში იდგნენ

 

ავტობუსში ვსხედვართ. ჯერ სულ რამდენიმე ვართ. გასვლამდე ივსება. ერთმანეთის პირისპირ ვზივართ. ყველას პატარა ოთხკუთხედი ფორმის საწებელა აკვრია მკერდზე, რომელსაც აწერია AUSHVITSZ. რადგანაც ჯგუფში ვერ ჩავჯექით, ინდივიდუალური ვიზიტების საათების დალოდებამდე აქვე, ორიოდ კილომეტრის იქით მივდივართ, რომ ბირკენაუ ვნახოთ ჯერ და შემდეგ უკან მოვბრუნდეთ. ხიდს გადავდივართ. პირველ „სიკვდილის ბანაკს“ აუშვიც-1 ქვია. მეორეს – აუშვიც 2- ბირკენაუ.
ზურგჩანთა არ მომიხსნია. გუშინ კრაკოვში შეხვედრა მქონდა. ფაქტობრივად, ორი დღით წამოვედი ვარშავადან, მაგრამ ჩანთაში იმდენი ტკბილეული და საჭმელი მიდევს, რომ კიდევ ორი დღე მეყოფა. პირველად წამოვედი მარტო. სხვა ექვსი ქალაქის შეხვედრებზე მეგობრები მახლდნენ და ყველანი ერთად ვყვებოდით რატომ გვინდა წიგნის გამცემა, რომლსაც ახლა, ჯერაც გამოუცემელს, მეტიც, ჯერაც გადაუთარგმნელს ვყიდით. კრაკოვში შეხვედრის დღესვე, მაგრამ 6 საათით ადრე ჩავედი. ბოლო ერთი საათი იქვე, ლიტერატურული კაფეს წინ (სადაც შეხვედრა უნდა მქონოდა) დაღლილი სინთეზატორის და საყვირის დუეტს ვუსმენ. ჯაზის ცნობილ თემებს უკრავენ. ისე ცივა, რომ სუნთქვით ვითბობ ხელებს. ზოგჯერ აფიშას გავხედავ, სადაც ჩემთან შეხვედრის ანონსი წერია. ზუსტად 6 საათზე დაპირებსამებრ ადგილზე ვარ. ორგანიზატორები და მე ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ მაშინათვე ვცნობთ ერთმანეთს. ყავა. ლიმონიანი წყალი. ბევრი სკამი, რომელიც მალევე ივსება. შეხვედრა იწყება და ნერვიულობა ჩემს წარდგენამდე მიქრება. ან უკვე მივეჩვიე და აღარც მაქვს განსაკუთრებული აფორიაქებები. ორჯერ წამოდგნენ ფეხზე და აპლოდისმენტები. მე მათ ვუკრავ ტაშს. ეს ისეთი ამაღელვებელია..

DSCN7495

ერთად ჩამოვდივართ ავტობუსიდან. იქ, ჩვენგან მარცხნივ უზარმაზარ ტერიტორიაზე, ისე, რომ არ მთავრდება, ვხედავ ზუსტად იმ კადრებს, რაც ფილმებში მინახავს – მავთულხლართებიანი კედლები, საგუშაგო კოშკები, რკინიგზის ლიანდაგი, რომლითაც ტყვეები მოყავდათ. შეიძლება თქვენთან ერთად ვიყო? ვეკითხები მას, ერთად რომ ვიმგზავრეთ. დიახ, დიახ, მეც მინდოდა იგივე მეკითხა თქვენთვის. დამასწარით – ამბობს. წითელი მოქსოვილი ქუდი ახურავს, რომლის დანიშნულება არ არის ყურების დაფარვა. ცივა. სათვალეები უკეთია. ლურჯი თვალები აქვს. მე ეკატერინე მქვია – ხელს ვუწვდი. აჰ, დიახ, დიახ. მაპატიეთ. მაპატიეთ – ამბობს. რაღაცნაირად დავიბენი. ამბობს. დიახ, მეც – ვამბობ. აქ ჯობია არ ვიყოთ მარტო – ვამბობ. დიახ. თქვენ მართალი ხართ – მითხრა – მე ჰარალდი მქვია. ცენტრალური შესასვლელისკენ მივდივართ. ზურგჩანთა არა – დაცვა გვაჩერებს. ჯანდაბა, ვამბობ და ჩემს თანამგზავრს ვთავაზობ თვითონ შევიდეს. არა, როგორ გეკადრებათ, ახლა ერთად ვართ და პრობლემებიც ერთად უნდა გადავჭრათ. წავიდეთ, სადმე იქნება ბარგის შემნახველი. სულ რამდენიმე შენობაა – წინ მიდის. თავს უხერხულად ვგრძნობ, მაგრამ მას ასე სურს და მე მივყვები. საინფორმაციო ბიუროში იტოვებენ ორ ზლოტად და უკან ვბრუნდებით. ისე ცივა, რომ სხეულის უჯრედებს დაითვლი, რომელიც ქარით გებერება.
ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ფილმებში მაქვს ნანახი.

DSCN7484
ჩუმად მივდივართ და ბანაკების წინ აღმართულ დაფებს ვკითხულობთ, სადაც პოლონურად, ინგლისურად და ებრაულად წერია ინფორმაცია.
ბაბუაჩემი და მისი სამი ძმა მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ. მეხუთე ძმის წაყვანასაც ძალადობდა თურმე მაშინდელი დასახლების ხელმძღვანელი, მაგრამ ის ასაკის გამო გადაურჩა ომს. ჩემი დიდი ბებია ომის დასრულებიდან 29 წლის შემდეგ გარდაიცვალა. თურმე შავები არასდროს ჩაუცვამს – სულ ელოდებოდა შვილებს და ზრდიდა შვილიშვილებს ბებიაჩემთან ერთად. სახლმა, სადაც ბაბუაჩემი და მისი ძმები ცხოვრობდნენ ომში წასვლამდე, საკუთარის გარდა სხვა ბევრი ობოლი გაზარდა. მეორე სართულზე ბებიას ერთი ოთახი ჰქონდა გამოყოფილი მათი სურათებისთვის, რომელიც უზარმაზარ ჩარჩოებში იყო ჩასმული. იმხელა მოწიწება მქონდა ამ სურათების ბავშვობიდან. და ყოველთვის ბოდიშს ვუხდიდი. არ ვიცი რისთვის. არც ის ვიცი აქ რატომ მოვედი. რისი ნახვა ან განცდა მინდოდა.

თქვენ? თქვენ რატომ მოხვედით – ვეკითხები ჰარალდს. გვერდიგვერდ მივდივართ. ერთ საათში რამდენჯერმე შეიცვალა ამინდი. თოვლიც მოვიდა და სეტყვაც. ახლა ისე დაცხა, რომ ქურთუკს ვიხსნი და ქუდს და ბენდენასაც და სათვალეს ვიკეთებ. ფოტოაპარატმა მაჩვენა, რომ ელემენტი მალე დაჯდება. მინდა ეს მალე მოხდეს. რომ ეს ადგილები ვერ დავაფიქსირო. ნახეთ, მეუბნება ჰარალდი და მარმარილოზე გადატანილ ფოტოს მაჩვენებს – ქალები და ბავშვები ტყეში არიან. 1943 წელი. გაზის კამერის მოლოდინში. გადაღებულია გერმანელი ოფიცრის მიერ – აწერია ფოტოს. ხალხი სიკვდილის რიგში. ისინი, ზოგჯერ ექვსი-თორმეტი საათი ისხდნენ და ელოდებოდნენ როდის დაუძახებდნენ გერმანელი ოფიცრები, რომ სიკვდილის კამერაში შეეყვანათ. ხომ ხედავთ, ფოტოზე არ არის არც ერთი მამაკაცი. რაღაც პერიოდი მხოლოდ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს კლავდნენ და მამაკაცთაგან მხოლოდ სუსტებს. ამ მომენტების გასააზრებლად მოვედი. ასევე იმის გასაგებად, რას ნიშნავს იყო გერმანელი აქ, ამ მოცემულობაში.
გზას ვაგრძელებთ.

DSCN7432
ბირკენაუ – აუშვიცი II.
ეს ის ადგილია, რომელსაც გულისხმობენ როცა აუშვიცზე ლაპარაკობენ. ბანაკის მშენებლობა 1941 წელს დაიწყო და ექსპლოატაციაში 1942 წელს შევიდა. ყოველდღიურად ათობით ათასი ტყვე მოჰყავდათ რკინიგზის ვაგონებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქ გაზის 4 კამერა და 4 კრემატორიუმი იყო. 24 საათის განმავლობაში (3 საათიანი შესვენებით, რომლის დროსაც ღუმელების გაწმენდა ხდებოდა) პირველი და მეორე კრემატორიუმის 30 ღუმელში დაახლოებით 5 000 გვამი ნადგურდებოდა, მესამე და მეოთხე კრემატორიუმში, სადაც 16 ღუმელი იყო – 3000 გვამი. 1944 წელს კრემატორიუმი ვერ აუდიოდა გვამების დაწვას და მათ უბრალოდ ყრიდნენ. ხშირად დღეში 20 ათას ადამიანს გუდავდნენ გაზით.
ოსვენცემში ბერლინიდან მოვლინებული ესესის წევრები, რომლებსაც აინტერესებდათ როგორი წარმატებით მიდიოდა „ებრაელთა განადგურების საკითხი“, როცა ნახულობდნენ პროცედურებს, ხშირად ლაპარაკის უნარს კარგავდნენ. მაგრამ იდეა ემოციებზე დიდი იყო. ბირკენაუ-აუშვიც II-ის ბარაკებში 450 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. აქედან მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი გადარჩა.
გადარჩენილებს შორის იყო დაახლოებით 1000 ადამიანიც, რომელიც ცნობილმა გერმანელმა მეწარმემ ოსკარ შინდლერმა ვითომ ფაბრიკაში სამუშაოდ აარჩია და აუშვიციდან კრაკოვში გადაიყვანა.

DSCN7502
ჰარალდი კოპანჰაგენში ცხოვრობს. დღეს შაბათია, გუშინ ჩამოფრინდა და ხვალ უკან ბრუნდება.
იოსეფ მენგელე, „სიკვდილის ანგელოზი“ გაგიგიათ? მეკითხება. არა – ვამბობ. ეს იყო ექსპერიმენტული ბლოკის ექიმი, რომელიც ტყვეებზე ათასნაირ ექსპერიმენტებს ატარებდა – მეუბნება. მე არ მინდა მაგალითები მომიყვეს და ასეც ვთხოვ. გაზის კამერებიც და სხვა ბლოგებიც დანგრეულია. რამდენიმე საგუშაგო კოშკი დგას, ასევე ბარაკები, დაახლოებით 50-60. ყველა ნანგრევთან დაფებია წარწერებით. არ ვიცი აღდგენილია თუ ძველი შენობებია შენარჩუნებული, მაგრამ ორი ადმინისტრაციული კორპუსი დგას. ერთში ესესელები მუშაობდნენ და ბანაკის ხელმძღვანელობა იჯდა, მეორეში ტყვეებს იღებდნენ. ეს ოთახი დაახლოებით 60-70 კვადრატული მეტრია. მარმარილოზე წარწერილია, რომ აქ ტყვეებს დეპოზიტებს ართმევდნენ, ტანზე ხდიდნენ, დეზინფექციას უკეთებდნენ და სპეციალურ ფორმას აცმევდნენ. ჰო. ეს სცენები, რომელიც ათასჯერ მაინც გვაქვს ნანახი, აქ, ამ ოთახში რეალურად ხდებოდა ათობით წლების წინ. მე ახლა ამ ოთახში ვარ.

DSCN7513 სიარულისგან და ემოციისგან დაღლილი, იქვე მარმარილოს სკამზე ვჯდები და სტენდზე გაკრულ ფოტოებს ვუყურებ. ნივთები, რომელსაც ართმევდნენ ტყვეებს, გერმანიაში იგზავნებოდა ოჯახების დასახმარებლად ან ბაზარზე გასაყიდად. თითქმის ყველა ამ ნივთის უკან სიკვდილი იდგა. ჰარალდი ყველა ფოტოს გულმოდგინებით აკვირდება. ცოტა ხანში დერეფანს მივუყვებით. ვაკუუმის დანადგარები, სადაც სავარაუდოდ, ტანსაცმლის სტერილიზაცია ხდებოდა, პატარა, დაახლოებით 3-4 კვადრატული მეტრის ოთახები ახალმოყვანილთა დეზინფექციისთვის, სათავსოები ნივთებისთვის. კედლებზე გერმანულ ენაზე წარწერები ისევ იკითხება. ჰარალდი მიკითხავს და მიხსნის, მაგრამ ზუსტად ორ ნაბიჯში ვერ ვიხსენებ ვერც ერთ მათგანს. მარტო იმაზე ვფიქრობ, რამდენი ადამიანის, ათობით, ასობით ათასის უბედურება გაიგონა ამ კედელმა. იმდენი, რომ მიკვირს, როგორ დაიტია და არ გასკდა. ეს ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება, თუმცა მეც მგონია, რომ არ შეიძლება ემოცია გაქრეს – ამბობს ჰარალდი. ვარშავაში, იმ ადგილებში, სადაც გეტო იყო (და თითქმის მთელს ქალაქში იყო ებრაელების გეტო), მგონია, რომ სულ ჰაერში არიან. როგორ აგიხსნა, მგონია, რომ იმხელა ტანჯვა გამოიარეს, რომ საკუთარი თავები კიდევ ვერ გამოიხსნეს ამ ემოციისგან – ვეუბნები. დიახ, კარგად მესმის – ამბობს ჰარალდი და ამასობაში გამოვდივართ შენობიდან.
უცნაურად ავირჩიეთ მარშრუტი. თითქმის საათნახევარი სიარულის შემდეგ იმ ადგილთან მოვედით, საიდანაც, როგორც წესი, იწყებენ დათვალიერებას, ამიტომ, აქ ზღვა ხალხია.
ამ ღობეებიდან, სადაც დენი იყო გაყვანილი და ცალკე საგუშაგოდან, მიმდინარეობდა ტყვეებზე ზედამხედველობა. აუშვიცის ისტორიაში დაახლოებით 300-მდე გაქცევა მოხდა. ესესელები, მართალია, გაქცეულებს ვერ პოულობდნენ, სამაგიეროდ, მათ სანათესაოში ყველას ანადგურებდნენ ან იჭერდნენ და აუშვიცში მოყავდათ. აქ 6 ათასამდე ესესის ჯარისკაცი მუშაობდა.
1945 წლის 27 იანვარს, როცა საბჭოთა არმიამ ოსვენცემი დაიკავა, ბირკენაუში ნაპოვნი იქნა მილიონზე მეტი ქალის და მამაკაცის ტანსაცმელი, 44 ათასი ფეხსაცმელი, ათობით ათასი კბილის ჯაგრისი და წვერსაპარსი და სხვა წვრილმანი.

DSCN7484
სულ აუშვიცის სამივე სიკვდილის ბანაკში მილიონნახევარზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
1945 წელს გერმანელების მიერ ტერიტორიის დატოვებასთან ერთად, დაახლოებით 60 ათასამდე ტყვეს ევაკუაცია მოახდინეს ნაცისტებმა და გერმანიაში გადაიყვანეს.
ჰარალდი მიყვება, რომ დანიაშიც არის შემონახული ერთი საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც თურმე ომის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე ნაცისტებმა ყველა ტყვე დახვრიტეს. რატომ დადიხარ-მეთქი ბანაკებში და ეს ჩემი ქვეყნის ისტორიააო.
ჩანთის ასაღებად მივდივართ. უკვე თითქმის აღარ ვლაპარაკობთ. ემოციისგანაც და დაღლილობისგანაც. შეიძლება ყავაზე დაგპატიჟოთ? მეკითხება და მე სიამოვნებით ვთანხმდები. სანამ რიგში დგას, ჩანთიდან ტკბილეულს ვიღებ, რომელიც მე ცალკე ვიყიდე და პოლონელმა მეგობარმაც გზისთვის ცალკე გამომატანა. საგზალს სიამოვნებით ვატარებ. ჩემი ბანგლადეშელი მეგობრისგან დამჩემდა – სახლიდან მხოლოდ მაშინ მიშვებდა, როცა დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი ჩამიდო – წყალი, ჩაი, სენდვიჩი, ხილი, ტკბილეული. ამას მაშინაც აკეთებდა, როცა ორი-სამი საათით გავდიოდი სასეირნოდ. ჰარალდს ყავის გარდა შოკოლადებიც მოაქვს – ჩვენ ერთდროულად ვიძახით აღფრთოვანების შორისდებულებს – ის ჩემი გაშლილი სუფრის გამო, მე – ცხელი, არომატული ყავის გამო. როგორ გგონია, შემთხვევითობები არსებობს? მეკითხება. რატომ-მეთქი. არ ვიცი, წარმოიდგინე, მე კოპენჰაგენიდან ჩამოვედი, შენ ვარშავადან კრაკოვში და შემდეგ აქ, რიგში ერთად ვიდექით, ერთი ავტობუსით ვიმგზავრეთ და ახლა ყავას ერთად ვსვავთ. ჰო, უცნაურია, მაგრამ ასეთი უცნაურობებით სავსეა ჩემი ცხოვრება, ამიტომ, არ მიკვირს, ვამბობ და მადლობას ვუხდი კომპანიონობისთვის. თვითონაც.
ბირკენაუ-აუშვიც ერთში უფასო ავტობუსები დგანან. თითქმის სამი საათია და პირველ საკონცენტრაციო ბანაკში ვბრუნდებით, სადაც პერსონალური ვიზიტორების შეშვება დაიწყება. ისევ რიგში ვდგავართ. სულ ორი საათი მაქვს თავისუფალი, 5-ზე ავტობუსში უნდა ვიჯდე კრაკოვის მიმართულებით, რომ ვარშავასკენ ბოლო ავტობუსს მივუსწრო.

DSCN7519
აუშვიც-ერთი. მისი აშენება 1940 წელს დაასრულეს. სრულიად დაკომპლექსებულია ორსართულიანი აგურის შენობებით. სულ 25 შენობით, ანუ ბლოკით.
ოთხ ფენად არის მავთულხლართებიანი ღობეები გაყვანილი და შესასვლელთან ცნობილი წარწერა ისევ კიდია – Arbeit macht frei – შრომა ათავისუფლებს. როგორც მახსოვს, ეს წარწერა რამდენიმე წლის წინ მოიპარეს და შემდეგ ახალი გააკეთეს, ანუ ეს ორიგინალი არ არის, მაგრამ ზუსტად ისეთია, როგორც იყო – ჰარალდი მიხსნის. მეთერთმერე ბლოკთან ვჩერდებით. იცი აქ რა ხდებოდა? მეკითხება. ცხადია, არ ვიცი. ეს იყო ყველაზე სასტიკი ადგილი, ჩემი აზრით, პირველ აუშვიცში – ამ ბლოკს „სიკვდილის ბლოკი“ ერქვა და ბანაკის ციხე იყო, ასევე ის ადგილი, სადაც გესტაპოს მიერ დაკავებულებისთვის სიკვდილის განაჩენი გამოჰქონდათ ე.წ. „განსაკუთრებულ სასამართლოზე“. მე-8 ბლოკში საბჭოთა სამხედრო ტყვეები ყავდათ, მგონი 1942 წლამდე, შემდეგ ბირკენაუში გადაიყვანეს – ამბობს ჰარალდი. ესესელების დაჯგუფებას, რომელთაც ბანაკზე ზედამხედველობა და ტყვეების გაქცევაზე ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, „მკვდარი თავი“ ერქვა. იცი, წესრიგის დამრღვევი ტყვეების ერთ-ერთი დასჯის მეთოდი იყო ე. წ. „მდგომ კამერებში“ ჩასმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთახი ზომით 90X90-ზე იყო და მთელი ღამე ფეხზე უნდა მდგარიყო დასჯილი. ტყვეებს ხშირად „ნელი სიკვდილით“ სჯიდნენ, ანუ სვამდნენ ჰერმეტულ კამერებში, სადაც ჰაერის უკმარისობისგან იღუპებოდნენ, ან საჭმელს არ აძლევდნენ და შიმშილით იხოცებოდნენ. აქ, ამ ადგილზე (მე-10 და მე-11 ბლოკებს შორის) ათობით ათასი ადამიანია დახვრეტილი – ამბობს ჰარალდი და ჩუმად ვდგავართ. ასე ვდგავართ დიდი ხანი. რამდენიმე წუთი. ჩვენს წინ ტურისტების ჯგუფი დგას და მათთან ერთად უხმოდ მივდივართ ამ კედლიდან გვერდითა მე-11 ბლოკისკენ, სადაც ადამიანების გაზით დახოცვის პირველი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტს წარმატებული უწოდეს და ესესელებმა ერთმანეთს მიულოცეს მიზნისკენ მიმავალი კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა, როცა პირველად დაახლოებით 1000 ადამიანი დახოცეს ციკლონ ბე-თი.
ჰარაკლდმა ყველა ბლოკის ისტორია იცის. აღარ ვამბობ არაფერს. ყველა სიტყვა აბსოლუტურად უადგილო იქნება, პრინციპში, შეუსაბამოც ჩემს ემოციბთან. ამიტომ, მხოლოდ ის ლაპარაკობს. მე ხან მას ვუყურებ, ხან ირგვლივ მოწესრიგებულ და მოვლილ სიკვდილის ბანაკს, რომელიც, 1947 წლიდან მუზეუმად გადაკეთდა.
ხალხი ჯგუფ-ჯგუფად მოძრაობს. ან ცალ-ცალკეც, ჩვენსავით. როგორ მაინტერესებს რატომ მოდიან ამ ადგილის სანახავად. რა მიზანი აქვთ. უბრალოდ, ნახონ ადგილი, რომელმაც ასობით ათასი ადამიანის ტკივილი განიცადა და სიცოცხლე შეიწირა? მე არ ვიცი რატომ მოვედი.
ემოციურად ბირკანაუ უფრო მძიმე იყო. ჰარალდს ვეუბნები. დანიშნულებითაც ასე იყოვო – ჰარალდმა.
ავტობუსში ვართ და კრაკოვში მივდივართ, რომ მე ვარშავაში დავბრუნდე და ის კონცერტზე წავიდეს. ახლა რა ხდება იმ სახლში, სადაც ბაბუაშენი ცხოვრობდაო – მეკითხება. გვერდიგვერდ ვსხედვართ. მას იმ ნამცხვარს ვაწვდი, რომელიც მოეწონა. მე მის მიერ შემოთავაზებულ შოკოლადს ვჭამ. დიდი ხანია ჩემები არ არიან ცოცხალი. სახლი მარტო იდგა. ვიცი, უნდა ვთქვა, სახლი ცარიელი იყო მეთქი, მაგრამ ასე მინდა ვთქვა – სახლი მარტო იყო. მიყურებს. ახლა დედა და შვილი ცხოვრობენ, რომლებიც სხვა რაიონიდან მოვიდნენ ჩვენს ქალაქში. მათ სახლი არა აქვთ და ბაბუაჩემის სახლი დავუთმეთ, სანამ პრობლემას მოაგვარებენ – ეს ამ სახლის თვისებაა. ვამატებ, რომ მეტად დამაჯერებლად გამომივიდეს სახლის ხასიათზე საუბარი, რომელსაც ვერავინ გაიგებს, თუკი არ იცის, რომ სახლსაც შეიძლება თვისება ჰონდეს.
კოორდინატებს ვცვლით.DSCN7523
როცა მითხარი, რომ აუშვიცში იმიტომ მოხვედი, რომ ამ ადგილთან მიმართებაში გინდა გაიგო ისტორია და ის, რას ნიშნავს გერმანელი იყო, რა იგულისხმე. ამ ყველაფრის გამო პასუხისმგებლობას გრძნობ? – ვეკითხები.
დიახ, ამბობს – პასუხისმგებლობას ვგრძნობ როგორც ადამიანი და როგორც გერმანელი.
ეს რაც გამოვიარეთ, მხოლოდდამხოლოდ ისტორია გვგონია და კაცობრიობა მორალურად და სამართლებრივად არ გაზრდილა მომხდარის მიუხედავად. რატომღაც მგონია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სიამოვნებით გაიმეორებდა ჰუმანურობის ლოზუნგებით იგივეს. ამ კუთხით, ალბათ, ყველანი პასუხისმგებლები ვართ ჩვენს წარსულთან – ვამბობ.
ერთმანეთს კრაკოვში, ძველ ქალაქში ვემშვიდობებით.
ჩემი მეილი გაქვთ – მეუბნება ჰარალდი დამშვიდობებისას.
დიახ – ვამბობ და ხელს ვართმევ.

სპეციალურად “თაიმერისთვის” ეკატერინე ლემონჯავა

banner
წინა სტატიაშიემზარ კვიციანი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე ექსპერტებზე ,,რეპავს,,