სევდია უგრეხელიძე:არაფერი ისე არ ჩამრჩა მეხსიერებაში, როგორც პრეზიდენტის სიტყვები…

მოგონება
რუსეთის მიერ ორგანიზებული სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი გამსახურდია გროზნოში იყო დევნილობაში, მასთან ჩადიოდნენ ჟურნალისტები, თანამებრძოლები, მხარდამჭერები და აწვდიდნენ ინფორმაციებს საქართველოს უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. მე ორჯერ ვიყავი ჩასული ჩემს მეუღლესთან, უზენაესი საბჭოს წევრ თენგიზ ჩაჩავასთან შესახვედრად. იგი პრეზიდენტმა დანიშნა დევნილი კანონიერი ხელისუფლების ელჩად რუსეთში.

ამგვარად, 1993 წლის 1 იანვარს მატარებლით ჩავედი გუდერმესში, მაგრამ რადგან მეუღლე ჯერ მოსკოვიდან ჩამოსული არ იყო, დამხვდნენ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ კიკნაძე და იმხანად სტუდენტი ნუგზარ წიკლაური. იქ დიდი თოვლი იყო. წავედით გროზნოში ავტომობილით, რომლის მძღოლმა, გაიგო რა რომ გამსახურდიასთან მივდიოდით, თანხა აღარ გამოგვართვა. ჩემთან ერთად იყო 13 წლის ჩვენი ქალიშვილი და მისი პუდელი, რომელიც თბილისში ვერსად დავტოვეთ. ბავშვით წასვლა ომის წინაშე მდგარ ჩეჩნეთში დიდი რისკი იყო, მაგრამ მას მამა მთელი წელი არ ენახა და ძლიერ ენატრებოდა.

7 იანვარს, შობა დღეს ბატონმა ზვიადმა სადილად მიგვიპატიჟა მთელი ოჯახი ძაღლით. ძალიან ვღელავდი, პუდელს რაიმე არ გაეფუჭებინა, მაგრამ ლეკვი ისე სანიმუშო მორიდებით იქცეოდა, თითქოს გრძნობდა ამ პიროვნების სიდიადეს. სხვა სტუმრები არ იყვნენ და დაბალ ტაბლაზე მოკრძალებული სუფრა იყო გაშლილი. კარგად მახსოვს სისხლივით წითელი ღვინო შუშის ჭიქებში და ზვიადის მიერ წარმოთქმული ორი სადღეგრძელო: ქრისტეშობის და საქართველოს. ამ ყოფით გარემოშიც კი, მის სიტყვები მძლავრი, თავშეკავებული გრძნობით იყო გამსჭვალული.

საუბარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა, მაგრამ იქედან არაფერი ისე არ ჩამრჩა მეხსიერებაში, როგორც პრეზიდენტის სიტყვები: „ქართველმა ხალხმა აირჩია თავისუფლება, მაგრამ ვერ დაიცვა თავისი არჩევანი მტრის თავდასხმისაგან ისე, როგორც ეს გააკეთეს ლიტველებმა. იქ რვა თვის განმავლობაში იდგნენ მომიტინგეები და იცავდნენ სახელისუფლებო შენობებს. ჩვენც ასე რომ მოვქცეულიყავით , მსხვერპლი ბევრად ნაკლები იქნებოდა და ეროვნულ ხელისუფლებასაც, მათ მსგავსად, შევინარჩუნებდით“
ზვიადის ეს სიტყვები გულში მახვილის ჩაცემასავით იყო, დღემდე მახსოვს და ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ მე არ ვიდექი მთავრობის სახლთან 1992 წლის 21-22 დეკემბრის ღამეს-იგონებს სევდია უგრეხელიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშირატომ ვერ გაიცნო ჟურნალისტმა ზვიად გამსახურდია
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი: სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი გვაქვს სათქმელი ამ დღეს