სეტყვამ და ქარიშხალმა გურჯაანის სოფლები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა გურჯაანის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ კარდენახში, სადაც სტიქიამ ვენახები, საზამთროს ბაღები და ბოსტნეული კულტურა გაანადგურა.

სეტყვა, რომელსაც ძლიერი წვიმა და ქარიშხალიც ერთვოდა, თითქმის 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

“ამ დილას რასაც შევხედეთ, მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია. აღარც პამიდორი ვარგა, აღარც ხეხილი და აღარც ვენახები. მოსავლის მოსაყვანად ყველა ოჯახს ბანკებიდან კრედიტები გვაქვს აღებული, რა გვეშველება, არ ვიცით“, – აცხადებს სოფელ კარდენახის მცხოვრები სოსო ქიტიაშვილი.

კარდენახის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის,

ალექსანდრე ტურიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით სტიქიამ მოსავლის 50% გაანადგურა.

“დღეს დილიდან, ჩვენ, მოსახლეობასთან ერთად ადგილზე ვამოწმებთ სტიქიისგან მიყენებულ ზიანს. ამ დროის მონაცემებით, სეტყვამ და ქარიშხალმა მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ჰექტრამდე ნაკვეთები 50%-ით დააზიანა. სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა დღის ბოლომდე დაზუსტდება“, – აცხადებს ალექსანდრე ტურიაშვილი.

ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის სოფლები წელს რამდენჯერმე დააზარალა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) სახდეპარტამენტის სპიკერმა გამოიჭირა ჟურნალისტი, რომელიც ბრიფინგისას Pokemon Gо-ს თამაშობდა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და კაბელების საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება